პანდემიის პერიოდში კოვიდ–სასტუმროებში 3,6 ათასი ადამიანი დასაქმდა

© Sputnik / Vladimir Umikashvili სასტუმრო "ვეჯინი" რუსთავში
სასტუმრო ვეჯინი რუსთავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასტუმროები, რომლებიც საკარანტინო სივრცეებად გადაკეთდა, პანდემიის პერიოდში 133 ათასზე მეტ ადამიანს მოემსახურა.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. COVID-19-ის პანდემიის პერიოდში სპეციალურად მომზადებული საკარანტინო სივრცეები 133 ათასზე მეტ ადამიანს მოემსახურა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე.

საქართველოში სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, 2020 წლის 10 მარტიდან დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურებაში სახელმწიფომ 200 მლნ ლარამდე დახარჯა. 

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
თურნავა: საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის გაჩერებით არ დაზარალდება

„საკარანტინო სივრცეების პროგრამით ამ თვეების განმავლობაში სპეციალურად გადამზადებული სასტუმროების პერსონალი 133.767 ადამიანს მოემსახურა. აღნიშნულ პროგრამაში 215-მა სასტუმრომ მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ და ვეხმარებით ჯანდაცვის სისტემას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც დაავადების მსუბუქი შემთხვევების მართვა კოვიდ–სასტუმროებში ხდება. ამასთან, ჩვენ 3.620 ადამიანს სამუშაო ადგილების შენარჩუნების შესაძლებლობა მივეცით“, – განაცხადა თურნავამ.

სასტუმრო ნომრების საერთო რაოდენობა, რაზეც სახელმწიფომ კონტრაქტი გააფორმა, 11.657-ს შეადგენს.

საქართველოს მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდის StopCov.ge მონაცემებით, ამ ეტაპზე კოვიდ–სასტუმროებში მკურნალობის კურსს დაახლოებით 2.886 ინფიცირებული პაციენტი გადის.

21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სავალდებულო კარანტინისთვის აუცილებელ მომსახურებასა და ნივთებზე 78 მლნ ლარზე მეტი დახარჯა.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ადმინისტრაციამ დამატებით 35 მლნ ლარი გამოყო, რაც დახარჯულ თანხასთან ერთად 100 მლნ ლარს აჭარბებს. დამატებითი რესურსები მოხმარდება კოვიდ–სასტუმროების მობილიზებასა და ამ პროცესთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 191 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 161 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 1.839 პაციენტი.

ქვეყანაში დღეისათვის 27.517 აქტიური შემთხვევაა. სტაციონარებში მკურნალობის კურსს 6.912 ადამიანი გადის, 986 საკარანტინო სივრცეებშია მოთავსებული, 48.685 თვითიზოლაციაში, 17.719 ადამიანი კი სახლის პირობებში მკურნალობს.

მძიმე პაციენტების რიცხვი 1.087-ია, 465 პაციენტი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

ყველა ახალი ამბავი
0