მოეწყობა თუ არა ქვეყანაში საველე ჰოსპიტლები – ცქიტიშვილის განმარტება

© photo: Government of Georgia / FBმაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიცე-პრემიერის განმარტებით, ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ამ ეტაპზეა შემოღებული, ეპიდვითარების დასტაბილურებისკენაა მიმართული.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების ორგანიზების საკითხი არ განიხილება, ისევე, როგორც არ განიხილება სამხედრო ექიმების ჩართვა ინფიცირებულთა მართვის პროცესში, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების მკვეთრი მატება დაიწყო – კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა ზრდამ ბოლო დღეებში 4 ათასს მიაღწია, დღეს კი რეკორდული მაჩვენებელი – 4.780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
„ახლა ყველა გაციება პრაქტიკულად კორონავირუსია“ – პაატა იმნაძე ეპიდსიტუაციაზე საუბრობს

რთული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, „საქართველოს კლინიკების ასოციაციამ“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და ინფიცირებულთა მკურნალობის პროცესში სამხედრო ექიმების ჩართვისა და საველე ჰოსპიტლების მოწყობისკენ მოუწოდა.

ასოციაციის წარმომადგენლების განმარტებით, არსებულ ვითარებაში, როდესაც ჰოსპიტალური სექტორი ვერ იტევს პაციენტებს, ხშირია მძიმე პაციენტების კლინიკებში დაგვიანებით მოთავსება, ამასთან, გაიზარდა ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა. მათი აზრით, შექმნილ რთულ მდგომარეობას მხოლოდ სამხედრო საველე ჰოსპიტლების (ლაზარეთების) გახსნა და სამხედრო მედპერსონალის ჩართვა განტვირთავს.

მაია ცქიტიშვილი „საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ აღნიშნულ წინადადებას გამოეხმაურა.

„ეს საკითხი აღარ არის აქტუალური იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის წარმომადგენლები ყოველდღიურად ვაცხადებთ, რომ საველე ჰოსპიტალების ორგანიზების საკითხი არ განიხილება. ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება, მიმართულია ეპიდვითარების დასტაბილურებისა და ეპიდემიის გავრცელების შენელებისკენ. მართვის პროცესში ჩართულ კლინიკებთან ერთად ასევე ვმუშაობთ ინტენსიური თერაპიის საწოლფონდის რაოდენობის გაზრდაზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი განმარტებით, ნებისმიერი ტიპის გაფართოებულ სამედიცინო სივრცეებში, იქნება ეს საველე ჰოსპიტალი, სამხედრო ჰოსპიტალი თუ სხვადასხვა სივრცეში მოწყობილი სამედიცინო მომსახურების სფერო, ყველგან საჭიროა ექიმების გარკვეული რაოდენობა.

„სამედიცინო პერსონალის მხრივ დღეს შეზღუდული რესურსი გვაქვს, რომელსაც ვერ გავზრდით. ძალიან მარტივია საწოლის დამატება, მაგრამ იმ საწოლს თუ არ ახლავს ექიმი, მას შესაბამისი დატვირთვა ვერ ექნება“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, 123.470-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 102.270 ადამიანი, გარდაიცვალა 1.161 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0