სოსო ფკაკაძე: ლოკდაუნი ნეგატიურად აისახება ბიზნესზე, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უპირველესია

გამოწერა
დასრულდა მორიგი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რომელსაც ასევე საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებიც ესწრებოდნენ

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში დამატებით შეზღუდვებზე საბოლოო გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს, განაცხადეს ბიზნესის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან მორიგი შეხვედრის შემდეგ.

როგორც ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, დღეს ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მოხდეს შეზღუდვა, ეს, რასაკვირველია, ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნესზე, მაგრამ ჩვენ ყველამ ასევე ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველაზე ღირებული, დაფასებული და მნიშვნელოვანი არის ადამიანის სიცოცხლე. ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის და ალბათ, ეპიდსიტუაციაზე დაფუძნებით უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, გადაწყვეტილება და თავად მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის გეგმა ადეკვატურია - უცხოეთში მოღვაწე ჯანდაცვის ექსპერტები

როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ლოკდაუნის გამოცხადება დამატებით შეზღუდვებს ჯობია.

„ჩვენი შეთავაზება იყო, რომ სარესტორნო სფეროს ნებისმიერი შეზღუდვა წარმოადგენს სრულ ლოკდაუნს და ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს ლოკდაუნი გამოცხადდეს, ვიდრე ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომელიც უბრალოდ თვითლიკვიდაციას მოასწავებს. ნახევარი საათითაც რომ შეგვზღუდონ, ეს ლოკდაუნია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორმა, თეიკო ლომინაძემაც აღნიშნა, რომ აჯობებს მკაცრი დამატებითი შეზღუდვების შემოღება, რადგან ეპიდვითარების გაუარესება ეკონომიკაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება.

„განიხილება გარკვეული მკაცრი შეზღუდვები, რომელზეც, ბიზნესის გადმოსახედიდან, პირველი რეაქცია არის თითქოსდა მიუღებელი, მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, პირველ რიგში, როგორც ადამიანებს, რომ საკმაოდ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც მერე აუცილებლად ირიბადაც აისახება ეკონომიკაზე შეზღუდვების გარეშე, ამიტომ ეს დროებითი, თუნდაც მკაცრი, გარკვეული დამატებითი რეგულაციები ისევ არის გარკვეულად გადარჩენის გზა“, - განაცხადა ლომინაძემ.
ცარიელი მაგიდება კაფეში ეპიდემიის დროს - Sputnik საქართველო
რესტორატორთა ასოციაცია: ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა სფეროს ლოკდაუნი იქნება

ჯერჯერობით კვლავ უცნობია, რა სახის შეზღუდვები დაწესდება, თუმცა ის, რომ გამკაცრება გარდაუვალია, ეს უკვე ცხადია. 

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა – კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური ზრდა ბოლო დროს უკვე 3–4 ათასია. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 114 ათასს მიაღწია, გარდაიცვალა 1 085 ადამიანი.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო წერტილოვანი შეზღუდვები უკვე მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება. თუმცა აღნიშნულ შეზღუდვებს ეპიდვითარების გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ მოუხდენია.

ყველა ახალი ამბავი
0