ბიძინა კულუმბეგოვი: შეზღუდვებს ეკონომიკაზე მინიმალური გავლენა ექნება

გამოწერა
ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ხელისუფლება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზებს ეძებს.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. შეზღუდვები, რომლებზეც ვმსჯელობთ, დეკემბერსა და იანვარში იმოქმედებს და ეპიდემიოლოგიური კუთხით ეს იქნება ორი განსაკუთრებული თვე, განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ. 

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
ზურაბ გურული: „მივექანებით მწვავე პიკისკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს...“

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა.

ექსპერტების განმარტებით, ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანა პიკში შედის, საჭიროა წერტილოვანი შეზღუდვების კიდევ უფრო გაფართოება. მათი შეფასებით, დამატებითი შეზღუდვები ინფიცირების რაოდენობას მკვეთრად არ შეამცირებს, მაგრამ ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების მაქსიმალურ შეზღუდვას.

„შეხვედრაზე ღიად ვისაუბრეთ, თუ რა იქნება ყველაზე სასურველი შესაძლო ღონისძიება, რომელიც მოახდენს ამ ეპიდემიის ძალიან დრამატულად მიმდინარე ტრაექტორიაზე ზეგავლენას. ერთი მთავარი კონსენსუსი, რაც რეალურად მიღწეულია, გახლავთ ის, რომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ წერტილოვან შეზღუდვებს ეკონომიკაზე ჰქონდეს მინიმალური გავლენა“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

შექმნილი რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ქართველი ექიმები ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს. ისინი ხელისუფლებას ახალი შეზღუდვების დაწესებისკენ, მოქალაქეებს კი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

მიუხედავად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, საქართველოს მთავრობა სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადებაზე უარს აცხადებს და წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას გეგმავს. 

მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
მაია ცქიტიშვილი: ამ ეტაპზე სისტემური „ლოკდაუნის“ შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ვერ გამოაცხადებს სისტემურ „ლოკდაუნს“ – ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს ეკონომიკური სიტუაცია და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 111.818-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 92.215 შეადგინა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში 1.051 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0