საქართველოში ინფიცირებული პაციენტებისთვის ახალი პლატფორმა COVIDER შეიქმნა

გამოწერა
კორონავირუსის მეორე ტალღამ საქართველოს სამედიცინო სფეროში სერიოზული პრობლემები შექმნა. მათ გადაწყვეტაში მთავრობას ეხმარებიან ისეთი ენთუზიასტები, როგორიც COVIDER-ის შემქმნელები არიან.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ახალი პლატფორმა COVIDER მწვავე პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება. ის ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გამწვავების პირობებში და სამედიცინო სექტორის გადატვირთულობის დროს ადამიანებს სამედიცინო კონსულტაციის სწრაფად მიღებაში დაეხმარება.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

პლატფორმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ, „აჭარა–ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ვალერი ჩეხერიამ და ბიზნეს–აქსელერატორი „სპარკის“ მენეჯერმა სანდრო კანდელაკმა ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად შექმნეს.

ეკა ტიკარაძე - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი მიზნობრივი შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობს

ახალი პლატფორმა კორონავირუსით ინფიცირებულ ყველა პაციენტს საშუალებას მისცემს – ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ყველანაირი ინფორმაცია მიიღოს ვირუსის შესახებ, ასევე მიიღოს რეკომენდაციები. პაციენტების ყველა კითხვას ცნობილი ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი უპასუხებს.

კონსულტაციის მისაღებად პაციენტებმა Facebook-ში უნდა იპოვონ გვერდი COVIDER და მესენჯერის საშუალებით მიჰყვნენ მითითებებს – რა უნდა გააკეთონ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, რა შემთხვევაში და სად შეიძლება PCR–ტესტის გაკეთება, რა წესები უნდა დაიცვან თვითიზოლაციისას და სხვა რეკომენდაციები.

„ბევრი კითხვა დაგროვდა, ბევრი პასუხიც, შესაბამისად. ეს „კოვაიდერი” დაგეხმარებათ პასუხებიც და სიმშვიდეც ერთდოულად მოიპოვოთ. უნივერსალური არაფერია, მწამს, თანდათან დაიხვეწება და უფრო მეტად სასარგებლო გახდება“, – დაწერა თავის Facebook-გვერდზე ბიძინა კულუმბეგოვმა.

Facebook-ზე პოსტი დაწერა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ პლატფორმის ერთ-ერთი შემქმნელი, ბიზნეს–აქსელერატორი „სპარკის“ მენეჯერი სანდრო კანდელაკი კორონავირუსით დაინფიცირდა და მან ვერ შეძლო ვერც ტესტის გაკეთება, ვერც სისხლის ანალიზის ჩატარება და ვერც ექიმის კვალიფიციური დახმარების მიღება.

ქალი პირბადით - Sputnik საქართველო
New York Times: საქართველოში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მძიმე კოვიდ–სტატისტიკაა

„გაერთიანდა ჯგუფში, ნახა, რას ურჩევდნენ ადამიანები ერთმანეთს. შეშინდა და მომწერა, რომ უნდა გავაკეთოთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით „კოვაიდერი“... იმ წუთას დავურეკე ბიძინა კულუმბეგოვს, მოვუყევი, თუ რას ვგეგმავდით და ისიც ხომ ყველა ინოვაციისა და ადამიანების დახმარებისთვის სულ მზად არის, ჰოდა, ა, ბატონო, ესეც „კოვაიდერი“. გიპასუხებთ ყველა თქვენ კითხვაზე, რაც რამე გექნებათ კოვიდთან დაკავშირებით“, – დაწერა ზამბახიძემ.

საქართველოში მძიმე ეპიდემიური მდგომარეობაა. ყოველდღიურად კორონავირუსის დაახლოებით 3–4 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობა 112 ათასს მიუახლოვდა, გარდაიცვალა ათასზე მეტი ადამიანი.

ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდის გამო უფრო და უფრო რთული ხდება დროული სამედიცინო დახმარების მიღება. პაციენტები ჩივიან, რომ ყოველთვის ვერ ახერხებენ ექიმის სატელეფონო კონსულტაციის მიღებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ჰოსპიტალიზაციაზე.

ყველა ახალი ამბავი
0