თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისის მუნიციპალიტეტის კლინიკა „ბომონდში“ ბოლო 24 საათში კორონავირუსის დიაგნოზით 13 ორსული შეიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ინფიცირებული ორსულები მკურნალობის კურსს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში გადიან. ამ დროისათვის კლინიკაში ჯამში კორონავირუსის დიაგნოზით 40 პაციენტია მოთავსებული.
გარდა ამისა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გუშინ 12 დღის ინფიცირებული ჩვილი გადაიყვანა. ექიმები ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ როგორც საშუალო სიმძიმის – მას ინფექცია, სავარაუდოდ, დედისგან გადაედო.
იმერეთის რეგიონი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველოს მასშტაბით რეგიონების მიხედვით პირველ სამეულში შედის. ბოლო დღე-ღამეში აქ 541 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.768-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 96.860-ს მიაღწია. 26 თებერვლიდან დღემდე სულ გამოჯანმრთელდა 77.932, ხოლო გარდაიცვალა 894 პაციენტი.