კორონავირუსით ინფიცირებული მეშახტეები კუთვნილ ხელფასს მიიღებენ

© photo: Sputnik / Pavel Lisicin / გადასვლა მედიაბანკშიშახტა
შახტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით კომპანია პერიოდულად ატარებს თანამშრომელთა კორონავირუსზე ტესტირებას და სამუშაო ადგილებზე აქტიურად ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. სამთომომპოვებელი კომპანია „საქნახშირი“, მიუხედავად შეჩერებული სამუშაო პროცესისა, ტყიბულში ყველა თანამშრომელს ხელფასს გადაუხდის, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის 144 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი 13 ნოემბერს დაუდასტურდა, რის გამოც კომპანიამ საწარმოო პროცესი ორი კვირით შეაჩერა. 

ტყიბულელი მეშახტეები - Sputnik საქართველო
ერთდროულად 144: ტყიბულელ მეშახტეებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ

„საქნახშირის" ადმინისტრაცია ითვალისწინებს მძიმე ეკონომიკურ ვითარებასა და თანამშრომელთა ფინანსურ მდგომარეობას – პანდემიითა და სამუშაოების შეჩერებით გამოწვეული ფინანსური ზარალის მიუხედავად, იღებს გადაწყვეტილებას, რომ 14 დღის განმავლობაში დასაქმებულებს შრომის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ტყიბულში ფუნქციონირებს ორი – მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტები. დანარჩენი 25 კარიერი 2018 წლის ივლისიდან, მესამე ტრაგედიის შემდეგ, არ მუშაობს. სამთომომპოვებელ კომპანიაში სულ 1170 ადამიანია დასაქმებული.

ინფიცირებულთა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგისა და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების მიზნით „საქნახშირში" ამოქმედდა „ცხელი ხაზი“.

საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით კომპანია პერიოდულად ატარებს თანამშრომელთა კორონავირუსზე ტესტირებას და სამუშაო ადგილებზე აქტიურად ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს.

თანამშრომლების განმეორებითი ტესტირება კარანტინის დასრულების შემდეგ, ორ კვირაში ჩატარდება.

ბოლო ორ თვეში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ქვეყანაში 93 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 853 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0