საქართველოს მთავრობა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობს

© Sputnik / Alexander Imedashviliქართველი ჟურნალისტები პირბადეებით
ქართველი ჟურნალისტები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სისტემური შეზღუდვების დაწესებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ვირუსის გავრცელების ტემპის შესამცირებლად წერტილოვანი შეზღუდვების დამატებითი პაკეტის განხილვას გეგმავს.

საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით სამშაბათს ქვეყანაში არსებული ეპიდემიური ვითარება და მოქმედი შეზღუდვები განიხილა.

ცერცვაძე: თუ არ გვინდა ლოკდაუნი, მაშინ უნდა შევასრულოთ ელემენტარული რეგულაციები>>

სხდომა ონლაინ–ფორმატში გაიმართა, რადგან პრემიერსაც და ეკონომიკის მინისტრსაც კორონავირუსი აქვთ დადასტურებული და ისინი სახლში მკურნალობენ.

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
საქართველოს დიდ ქალაქებში დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა ჯერჯერობით წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვების პრაქტიკას გააგრძელებს, სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

საბჭომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია დადგენილი წესების ზუსტი შესრულება, მათ შორის პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. სხდომაზე აღინიშნა, რომ ეს პოლიტიკურ პროცესებსაც ეხება.

სხდომაზე ასევე განიხილეს ის ღონისძიებები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო პრემიერის დავალებით ჰოსპიტალური სექტორის ზედმეტი გადატვისთვის თავიდან აცილების მიზნით ახორციელებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარება მხოლოდ მძიმე შემთხვევები და შემდეგ უკვე ყველა – თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში.

ქვეყანაში სექტემბრის დასაწყისიდან ეპიდემიური ვითარება ძალიან გაუარესდა. ინფიცირებულების ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე 3 ათასს უახლოვდება.

აქცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
ქართული ოპოზიცია ახალ შეზღუდვებს პროტესტის წინააღმდეგ ბრძოლად აფასებს

ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო მთავრობამ გარკვეული შეზღუდვები დააწესა. კერძოდ, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი) 22:00-დან 05:00 საათამდე იკრძალება ქვეითად მოსიარულეებისა და ავტომობილების გადაადგილება. წესის დამრღვევი 2 ათასი ლარით დაჯარიმდება.

გარდა ამისა, ასევე 9 ნოემბრიდან ამავე ქალაქებში დაიხურა როგორც კერძო, ისე მუნიციპალური საბავშვო ბაღები, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ფეხზე დგომით. წესების დაცვას მძღოლები და პოლიციელები აკონტროლებენ.

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 2970-ით გაიზარდა და 63650-ს მიაღწია. გარდაიცვალა 521 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0