საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება ყველა ბაღს არ ეხება

© Tbilisi City Hallსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ საბავშვო ბაღების დროებით დახურვაზე გადაწყვეტილება თბილისის კერძო ბაღებსა და რეგიონებზე არ ვრცელდება.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედი საბავშვო ბაღები, ასევე დედაქალაქის კერძო საბავშვო ბაღები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. გადაწყვეტილება ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ხვალიდან თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული საბავშვო ბაღები დროებით მთლიანად დაიხურება.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
ხვალიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები იხურება

შეზღუდვა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის შეცვლამდე იმოქმედებს. ამასთან, აღსაზრდელები მთელი ამ დროის განმავლობაში საკვები პროდუქტებით იქნებიან უზრუნველყოფილი, როგორც ეს წინა თვეებში ხდებოდა.

„ხვალიდან საბავშვო ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუფრთხილდებით მომავალი თაობების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2295-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 46817-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 31 170 ადამიანი (ბოლო დღე-ღამეში – 2 537), გარდაიცვალა 381 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0