თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს დაუდგინდა კორონავირუსი, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ მთავრობის პრეს-სამსახურში.
კვირას, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერის დაცვის ერთ თანამშრომელს ინფექცია დაუდგინდა და ამის გამო გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა.
„სამწუხაროდ, მე ახლა მუშაობა განსაკუთრებულ რეჟიმში მიწევს, რამდენადაც ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ ხანგრძლივი კომუნიკაცია მქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, თვითიზოლაციაში გადავედი და ამ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას“, – დაწერა გახარიამ საკუთარი Facebook-გვერდზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1852-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 42579-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 26 800 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1 696), გარდაიცვალა – 342, კარანტინის რეჟიმშია 2 977, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 293 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 236 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.