თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. სამეგრელოში დღეს კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან ერთი 9 თვის ბავშვია, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 357 ნიმუში გაიტესტა, მათგან 8 დადებითი აღმოჩნდა.
რვა კოვიდინფიცირებულიდან ერთი არასრულწლოვანია. მისივე თქმით, მშობლები 9 თვის ბავშვთან ერთად 7 სექტემბერს ენგურის გავლით გადმოვიდნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იმის მერე იმყოფებოდნენ ანაკლია-განმუხური საკარანტინე სივრცეში. ბავშვის დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.
რაც შეეხება დანარჩენ 7 კოვიდინფიცირებულს, ისინი ე.წ საბერიოს კლასტერს ეკუთვნიან. მათგან ნაწილი ენგურჰესის თანამშრომელია, ხოლო ნაწილი მათი კონტაქტებია.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში ამჟამად 110 ადმიანი იმყოფება, ხოლო 280 თვითიზოლაციაშია.
ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში 65 კოვიდინფოცირებული გადის მკურნალობას.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2227-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა, პირველი შემთხვევა კი მიმდინარე წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ნიკა ლატარია