თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თბილისში სუპერმარკეტების ქსელ „ზღაპარის“ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.
„ზღაპარის“ ვარკეთილის ფილიალის მენეჯერის ინფიცირების წყარო უცნობია. ინფექციის გამოვლენამდე აღნიშნული თანამშრომელი ორკვირიან შვებულებაში იმყოფებოდა, ხოლო ვირუსის დადგენამდე ერთი დღით ადრე ის სამსახურში გავიდა.
ამ დროისათვის აღნიშნული ფილიალის 20-ვე თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. მაღაზია ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს – მასში დასაქმებული პირები სუპერმარკეტების ქსელის სხვა თანამშრომლებმა ჩაანაცვლეს.
სუპერმარკეტში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1684-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1315 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 299 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.