საქართველოში ონკოპაციენტების დაფინანსება იზრდება

© photo: Sputnik / Stringerჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქამდე ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებდა ონკოპაციენტების ქიმიოთერაპიით მკურნალობის 70%-ს, ჰორმონოთერაპიის ზოგიერთ ხარჯს, ასევე სხივურ თერაპიასა და ძვირადღირებულ პრეპარატებს.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო-, ჰორმონო- და სხივური თერაპია) წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8 ათასი ლარით გაიზარდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პაციენტები კლინიკაში - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო: კიბოს სკრინინგზე ხელმისაწვდომობა 2020 წლიდან იზრდება

წინა კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ონკოდაავადებულების მკურნალობის დაფინანსების გაზრდას აპირებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემურია და ამიტომ სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობას გაზრდის.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესაბამისი ცვლილება უკვე განხორციელდა. კერძოდ, საბაზისო, მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 ათას ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრების ბენეფიციარები და ა.შ.) და ვეტერანის პაკეტით მოსარგებლეები, ნაცვლად 12 ათასი ლარისა, მიიღებენ 20 ათასი ლარის ღირებულების სერვისს. ასაკობრივი (0-5 წლის ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შმ პირები, სტუდენტები) პაკეტის მოსარგებლეებისთვის კი, ნაცვლად 15 ათასი ლარისა, პროგრამით განსაზღვრული თანხა გახდა 23 ათასი ლარი.

გაბუნიას განცხადებით, ანაზღაურებული თანხის ოდენობის გაზრდასთან ერთად სახელმწიფო პაციენტის თანაგადახდის წილსაც დაფარავს.

„ანაზღაურებული თანხის ოდენობის გაზრდასთან ერთად სახელმწიფო დაფარავს პაციენტის თანაგადახდის წილს. ამდენად, პაციენტისთვის ონკოლოგიური დაავადების ქიმიო-, ჰორმონალური და სხივური თერაპია, ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები იქნება სრულიად უფასო", – აღნიშნა გაბუნიამ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქიმიო-, ჰორმონო- და სხივურ თერაპიას ემატება სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სამი ჯგუფი: მონოკლონალური ანტისხეულები, პროტეინ-კინაზას ინჰიბიტორები და ბისფოსფონატები. მედიკამენტების ნუსხა დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული მედიკამენტები დღემდე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული არ ყოფილა.

სულ ამ პროგრამით დაახლოებით 40 ათასამდე ადამიანი ისარგებლებს.

საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი დაავადების დაახლოებით ცხრა ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება. აქამდე ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებდა ონკოპაციენტების ქიმიოთერაპიით მკურნალობის 70%-ს, ჰორმონოთერაპიის ზოგიერთ ხარჯს, ასევე სხივურ თერაპიასა და ძვირადღირებულ პრეპარატებს.

ყველა ახალი ამბავი
0