საგარეო საქმეთა სამინისტრო 11 წლის მოზარდის დედას საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმარება

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თერჯოლაში დაღუპული 11 წლის მოზარდის დედა თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან უკან საბერძნეთში დააბრუნეს. მიზეზად კი ვადაგასული პასპორტი დასახელდა

თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმარება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მოზარდის დედა საქართველოში არ შემოუშვეს. მიზეზი ვადაგასული პასპორტი და საზღვრის გადაკვეთის წესების დარღვევა გახდა.

„საბერძნეთში საქართველოს საკონსულო სამსახური კავშირზეა გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედასთან, რომელიც ამ დროისთვის საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს აღნიშნულ ქალბატონს ქვეყანაში გამომგზვარების პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ მას დარღვეული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნის, ისევე, როგორც თავის დროზე თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარფი - Sputnik საქართველო
თერჯოლაში გარდაცვლილი ბავშვის დედა თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან საბერძნეთში გააბრუნეს

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობა ასევე უზრუნველყოფს მისი საქართველოში ჩამოსვლისას PCR-ტესტირებას.

23 აგვისტოს 11 წლის ბიჭი თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, საკუთარი სახლის ეზოში, ჩამომხრჩვალი იპოვეს. არსებობს ეჭვი, რომ ბავშვის სიკვდილთან კავშირი აქვს მამას, რომელიც ნათესავებისა და მეზობლების თქმით, ბავშვს გამუდმებით ცუდად ექცეოდა. იგი დაკავებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაპატიმრებულია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული სისტემატურად ძალადობდა შვილზე, რაც თვითმკვლელობის მიზეზი გახდა. გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზა. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - თვითმკვლელობამდე მიყვანა და ოჯახური ძალადობა არასრულწლოვანის მიმართ.

ყველა ახალი ამბავი
0