როდის გაჩნდება კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში – გამყრელიძის პასუხი

© Facebook / Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო უკვე ჩაერთო ვაქცინის მოწოდების შესახებ მოლაპარაკებებში და იმედოვნებს, რომ მას დამტკიცებისთანავე მიიღებს.

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსის ვაქცინის წარმოება ფინიშს უახლოვდება და შემოდგომის ბოლოს შეიძლება დაამტკიცონ კიდეც, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ვაქცინის მიღებაზე საქართველო უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს, განაცხადა მან.

ეზუგბაია: ინფიცირებულთა შორის ორი მედპერსონალია>>

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამჟამად კლინიკურ ცდებს ცხრა ვაქცინა გადის. აქედან სამი უკვე გადავიდა კვლევების მესამე ფაზაში და, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა რამდენიმე ვაქცინა ერთდროულად დაამტკიცონ.

„ორგანიზაცია „ვაქცინების გლობალური ალიანსის“ კოორდინაციით მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნებთან ვაქცინის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველოც – ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საგარეო და ფინანსთა სამინისტროები. არის გარკვეული პირობები, თუ რა ეტაპები უნდა გავიაროთ ვაქცინის მისაღებ განაცხადთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ ვითარებაზე და მიუთითა, რომ ადამიანები თანდათან მოდუნდნენ. მისი თქმით, კორონავირუსის დაცვის საუკეთესო საშუალება, რაც დღემდეა ცნობილი, პირბადეა. გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ატარონ პირბადე.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: ქვეყანაში გაფართოებული ტესტირება გრძელდება

ეპიდემიოლოგმა განაცხადა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ტურიზმი აქტიურად არის განვითარებული, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში, კორონავირუსის შემთხვევების მატება დაფიქსირდა, და იქ ნიღბის, როგორც დაცვის ძირითადი საშუალების, უფრო მკაცრად, მანდატორულად ტარების აუცილებლობა განიხილება. ბევრ ქვეყანაში კვლავ დაწესდა უფრო მკაცრი წესები, ხოლო რეკომენდაციების დარღვევისთვის – სოლიდური ჯარიმები, აღნიშნა გამყრელიძემ.

„მე ახლა არა ჯარიმებზე, არამედ მოსახლეობის მეტ თვითშეგნებაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ამაზე უკეთესი დაცვის საშუალება დახურულ შენობაში არ არსებობს. ასევე თუ ღია სივრცეში ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება და არ არის დისტანციის დაცვის საშუალება, აუცილებელია პირბადის ტარება. ეს ინფექციის გავრცელების რისკს სერიოზულად ამცირებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ეპიდვითარება მართვადია – ამირან გამყრელიძე>>

ყველა პროგნოზით კორონავირუსული ინფექცია არ დამთავრდება არც დღეს, არც ხვალ, არც ხუთ თვეში. ის მსოფლიოს პრობლემებს კიდევ ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში შეუქმნის, სანამ ეფექტური ვაქცინა არ გამოჩნდება, აღნიშნა გამყრელიძემ.

„ამიტომ ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, ძალაში რჩება... ის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს – ყოველდღიურად 10, 15, 20 შემთხვევა – ეს ჯანდაცვის სექტორისთვის დიდი პრობლემა არ გახლავთ და ის ამ შემთხვევებს საკმაოდ კარგად მართავს. დაახლოებით ამ ჩარჩოში უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 1 436 ადამიანს დაუდგინეს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1150 ადამიანი და გარდაიცვალა 19 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0