„ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულია" – ლევან რატიანი შატილში დაშავებულებზე

© photo: Levan Ratiani / FBლევან რატიანი
ლევან რატიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შატილში 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნილი მიკროავტობუსის მგზავრებიდან სამი გადარჩა. ისინი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს: შატილში დაღუპულთა შორის არასრულწლოვნები არ არიან

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი გიდი და ერთი უცხოელია. 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნილი მიკროავტობუსის მგზავრებიდან სამი გადარჩა. ისინი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული. ექიმების თქმით, დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ექიმების პროგნოზი არასაიმედოა. 30 წლამდე ასაკის სამივე ქალბატონის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. ორ მათგანს სასწრაფო ოპერაცია უტარდება, განაცხადა ლევან რატიანმა.

„ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა კრიტიკულია, განსაკუთრებით მძიმეა ორი. მათ უარყოფითი დინამიკა აქვთ, დაეწყოთ შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწრაფოდ საოპერაციო ბლოკში გადაიყვანეს, მიმდინარეობს ოპერაცია. ამ ეტაპზე მესამე ქალის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, უტარდება გამოკვლევა. სამივე მათგანს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება", – განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი მედიკამენტოზური გზით არის შენარჩუნებული, სამივე შემთხვევაში პოლიტრავმა ფიქსირდება.

„მათი მდგომარეობის პერსპექტივაზე ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი", – აღნიშნა რატიანმა.

სოფელ ბისოს მკვიდრი შალვა ქეთელაური, რომლისგანაც საექსკურსიო ტურის მონაწილეებმა თაფლი იყიდეს, ვარაუდობს, რომ მიკროავტობუსს ტექნიკური პრობლემა შეექმნა.

„ჩემი ვარაუდით, მას (მიკროავტობუსს) რაღაც გაუფუჭდა... ჩემთან გაჩერდნენ, თაფლი იყიდეს და როცა წავიდნენ, რაღაცა ხმა იყო მანქანის. ვიფიქრე, გაჩერდებიან-მეთქი, თითქოს საბურავი გაუსკდათ... იქ, ქვემოთ მუშები იყვნენ, მათ თქვეს, რომ მიკროავტობუსს მოსახვევში არც კი მოუხვევია, პირდაპირ შეეჯახა მათ გაჩერებულ მანქანას. მათი მანქანაც გადააგდო და თავადაც გადავარდა დიდი სიმაღლიდან", – განუცხადა ქეთელაურმა ტელეკომპანია Rustavi2-ს.

ადგილი ჰქონდა თუ არა ტექნიკურ გაუმართაობას, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის დადგენილებას პრემიერმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

ყველა ახალი ამბავი
0