სვანეთში ჩატარებული 600 ტესტის შედეგი ცნობილია - რამდენს გამოუვლინდა ინფექცია

გამოწერა
ეპიდემიოლოგები აგრძელებენ მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის აქტიურ კვლევას, რათა ვირუსის შემდგომი გავრცელება აღკვეთონ

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სვანეთში სამშაბათს აღებული ტესტების ნაწილის შედეგები ცნობილია - 600 შემთხვევიდან Covid-19 დაუდასტურდა მხოლოდ ერთ პირს, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში ცხოვრობს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი საკარანტინო სივრცეებშია დაბინავებული >>

მისი თქმით, დილიდან მესტიის მუნიციპალიტეტის 16 დასახლებულ პუნქტში ეპიდემიოლოგების 16 ჯგუფი მუშაობდა, აქედან ორი - უშგულში. კონცენტრირებული მუშაობა მიმდინარეობს მესტიაში და რამდენიმე სოფელში.

„დღეს დასრულდა 600 ნიმუშის ტესტირება და იქიდან მხოლოდ ერთი დადებითია. ისიც უკავშირდება ლენჯერის კლასტერს. ჯერჯერობით, ვიდრე დარჩენილი კიდევ 300 ნიმუშის პასუხი იქნება, შეგვიძლია, ვთქვათ რომ ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ამ თემის ერთ-ერთ დასახლებაში. ამიტომ, იმ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო ზომები ტარდება, შესვლა-გამოსვლა სრულად აკრძალულია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, რამდენიმე საათში სამშაბათს აღებული ტესტებიდან დარჩენილი 300 ტესტის პასუხიც იქნება ცნობილი, შემდგომ - დღეს აღებული 800 ტესტის პასუხები. ამის შემდეგ კი ცხადი გახდება ეპიდსიტუაცია მუნიციპალიტეტში.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
იმნაძე: თუ ასეთი რამდენიმე ლოკაცია გაჩნდება, დაავადებას ვეღარ შევაკავებთ

გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ დღეს მესტიის საავადმყოფოში გაიგზავნა სწრაფი ტესტირების აპარატი, რომელიც პასუხს იძლევა 45 წუთში, მაგრამ მისი გამტარუნარიანობა ისეთი მაღალი არაა, როგორც კლასიკურ PCR-ტესტს, ეს აპარატი ერთ ჯერზე მხოლოდ 4 ნიმუშის ტესტს აკეთებს. ამიტომ ამ აპარატზე გაკეთდება მხოლოდ იმ ნიმუშების ტესტები, რომლებიც სწრაფ დიაგნოსტიკას მოითხოვს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სვანეთში 4 ათასამდე მცხოვრების ტესტირებას გეგმავს, შემდეგ კი სამოქმედო გეგმა დაისახება.

მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც 10 აგვისტოდან საკარანტინე შეზღუდვები მოქმედებს, მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ტესტირება კორონავირუსზე მიმდინარეობს.

მესტიის მოსახლეობა 2018 წლის 1 იანვრისთვის 9 511 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება - მესტია.

ყველა ახალი ამბავი
0