დაჯარიმებული ქორწილი - საქართველოში კვების ობიექტებმა სერიოზული ჯარიმები „აიკიდეს“

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქორწილო წყვილი სამების მთაზე აჭარაში
საქორწილო წყვილი სამების მთაზე აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქორწილი ძვირი შეიძლება დაუჯდეთ არა მარტო მექორწილეებს, არამედ რესტორნებსაც, სადაც ისინი ამ დღის აღნიშვნას გადაწყვეტენ - ხალხმრავალი ღონისძიებები კვლავ აკრძალულია

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევის გამო საქართველოში 10 ათას ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს 31 კვების ობიექტს, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.

რა მოთხოვნები ირღვევა ახლადგახსნილ რესტორნებში: ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმების შედეგები >>

მარტის შუა რიცხვებიდან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში მასობრივი ღონისძიებების - ქორწილების, კორპორაციული საღამოების, ნათლობების, ქელეხებისა და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებების - ჩატარება აიკრძალა. ეს შეზღუდვები დღემდე მოქმედებს, თუმცა 8 ივნისიდან ეტაპობრივად აღდგა რესტორნების, ბარებისა და კაფეების მუშაობა, მაგრამ უსაფრთხოების ზომების დაცვით. ახლა შრომის ინსპექციის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს ატარებენ, დამრღვევებს კი აჯარიმებენ.

„ჩვენ შევამოწმეთ კვების ობიექტები და დავაჯარიმეთ 31. ორი კომპანია დაჯარიმდა ეკონომიკური საქმიანობისთვის, რომელიც ნებადართული არ არის, ერთი კი - სოციალური ღონისძიებისთვის - ქორწილისთვის, რომელიც, როგორც თქვენთვის ცნობილია, არ არის დაშვებული. ამიტომ ჩვენი მხრიდან შესაბამისი სანქციები იქნა გამოყენებული“, - განაცხადა ფერაძემ.

მისი თქმით, ობიექტები მოწმდება რისკების შეფასების საფუძველზე. ამ ეტაპზე სამიზნე ხალხის თავშეყრის ადგილებია.

„ჩვენ მაქსიმალურად ვაწვდით ინფორმაციას, ვმუშაობთ დარგობრივ უწყებებთან ერთად, ბიზნესასოციაციებთან ერთად, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ, მიუხედავად გაფრთხილებისა, კომპანია კვლავ არ ასრულებს რეკომენდაციებს და განაგრძობს თვითნებურ მუშაობას, ეს არის დარღვევა, რომელიც ისჯება 10 ათას ლარიანი ჯარიმით“, - აღნიშნა ფერაძემ.

წესები კვების ობიექტებისთვის

შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, დაწესებულებების მფლობელებმა და სტუმრებმა უნდა შეასრულონ აუცილებელი მოთხოვნები. კერძოდ, კვების ობიექტები ვალდებული არიან, სამუშაო დღის დაწყებამდე ჩაატარონ პერსონალის, ასევე სტუმრების თერმო- და ვიდეოსკრინინგი, განათავსონ შესასვლელებში დეზობარიერები.

ყველა დახურული სივრცე, საწყობი, პერიოდულად უნდა განიავდეს არანაკლებ სამსაათიანი ინტერვალით.

გზისპირა კაფე - Sputnik საქართველო
იმერეთში კვების ობიექტები დახურეს – რა გახდა ამის მიზეზი

კვების ობიექტების პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით - სპეციალური ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, თავსაბურავით, ხელთათმანით, ნიღბით, ფარით ან სათვალით. ობიექტების ხელმძღვანელობა ასევე ვალდებულია გააკონტროლოს ამ აღჭურვილობის სწორი გამოყენება.

გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის უნდა დაიდგას დახურული კონტეინერები. ხშირად უნდა გაირეცხოს და დეზინფექცია გაუკეთდეს ზედაპირებს პროდუქტების დასამუშავებლად.

მენიუ სტუმრებისთვის უნდა იყოს ერთჯერადი ან ელექტრონული, უპირატესობა ენიჭება ბარათით გადახდას.

რეკომენდაციების თანახმად, კვების ობიექტებში საჭიროა სტუმრების რაოდენობის გაკონტროლება და სპეციალური დისტანციის დაცვა.

მაგიდასთან არ შეიძლება ექვს კაცზე მეტის განთავსება და საჭიროა დისტანციის დაცვა, თუ საუბარი არ არის ერთი ოჯახის წევრებზე.

კლიენტებთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან ასაცილებლად სალაროსთან უნდა დამონტაჟდეს გამჭვირვალე ბარიერი. კვების ობიექტები ვალდებული არიან ასევე კლიენტებს ისე მოემსახურონ, რომ თავიდან აიცილონ ბევრი ხალხის თავშეყრა. კერძოდ, სტუმრებმა წინასწარ უნდა დაჯავშნონ ადგილები ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დაელოდონ მაგიდის გათავისუფლებას.

ყველა ახალი ამბავი
0