14 ივნისის შემდეგ პირველად: ქვეყანაში COVID-19-ის შიდა გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდა

© AP Photo / Pool / Simon Dawsonტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო პერიოდში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა სატვირთოს მძღოლებთან არის დაკავშირებული.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ოთხი იმპორტირებული შემთხვევაა, ერთი კი შიდა გავრცელებაა, განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, სამი ინფიცირებული ტრაილერის მძღოლია.

„ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი შემოტანილია. მათგან სამი სატვირთოს მძღოლია, ერთი კი საკარანტინო ზონიდან დადასტურებული შემთხვევა. მეხუთე შემთხვევა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ანუ შიდა გავრცელებაა", – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ მომენტისთვის „კოვიდ-ცენტრებში" 107 პაციენტი მკურნალობს.

რა პროცედურებს გაივლიან ევროპის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლისას – დეტალები>>>

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 963-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 841 (87,3%), ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3310, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 203 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.

ყველა ახალი ამბავი
0