სვანეთში ხანძარი ნაწილობრივ ლოკალიზებულია

© photo : courtesy of Emergency Department of Georgia 112ხანძრის ჩაქრობა
ხანძრის ჩაქრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ ხაიშთან დღის განმავლობაში სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იმუშავებს. ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან და იმერეთიდან.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ოთხი კერიდან სამი უკვე ლოკალიზებულია, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოფელ ხაიშთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უკვე მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. კერებთან შეყვანილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძარი სვანეთში - Sputnik საქართველო
სვანეთში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება -  ხაიშთან ახალი კერები გაჩნდა

უწყების ცნობით, მეოთხე ლოკაციაზე, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართულია ავიაცია.

მთელი ღამის განმავლობაში ტყეში ცოცხალი ძალის დახმარებით ტერიტორიის დამუშავება მიმდინარეობდა, დილიდან კი მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სულ ოთხი ვერტმფრენია ჩართული.

სოფელ ხაიშთან დღის განმავლობაში სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იმუშავებს. ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან და იმერეთიდან.

რთულ რელიეფზე სამუშაოდ პროცესში ჩაერთვება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ხელმძღვანელობენ.

უწყების ცნობით, ადგილზე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და გრძელდება აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს, დღის მეორე ნახევარში შევიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0