6 ივლისი კოცნის საერთაშორისო დღეა

CC0 / Pixabay / კოცნა
კოცნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატომ კოცნიან ადამიანები ერთმანეთს? რისთვისაა საჭირო კოცნა და რა სარგებლობა მოაქვს? ამ აქტუალური თემის განსახილველად კიდევ ერთი საბაბია – კოცნის მსოფლიო დღე, რომელიც ყოველ წელს 6 ივლისს აღინიშნება.

ვინ და როდის მოიგონა კოცნა, დღეს ამის გარკვევა შეუძლებელია. ჩანს, ის ყოველთვის არსებობდა, როგორც ადამიანისადმი სიყვარულის, მიჩვევის, სწრაფვის გარკვეული გამოხატულება.

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, უძველეს ადამიანებს სჯეროდათ, რომ სუნთქვა სულს შეიცავს. ამიტომ შეყვარებულების კოცნისას სუნთქვის შერწყმა თავისებურ „სულთა ქორწილად“ მიიჩნეოდა.

სექსოლოგების კვლევების თანახმად, მამაკაცები და ქალები კოცნას სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ. ქალისთვის კოცნა ძალზე მნიშვნელოვანია, ხოლო მამაკაცს მის გარეშეც მშვიდად შეუძლია ყოფნა. მაგრამ მათ რომ კოცნის სარგებლობის შესახებ იცოდნენ, თავიანთ აზრს ნამდვილად შეიცვლიდნენ.

არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ უყვართ კოცნა, რადგან მას არცთუ ჰიგიენურად მიიჩნევენ.

© flickr/Chris Marchantკოცნა
6 ივლისი კოცნის საერთაშორისო დღეა - Sputnik საქართველო
კოცნა

ზეიმის ისტორია

კოცნის დღის აღნიშვნა პირველად დიდ ბრიტანეთში მოიგონეს და ამისთვის კონკრეტული დღე — 6 ივლისი შეარჩიეს. მე-19 საუკუნის ბოლოს ბრიტანელებმა ჩათვალეს, რომ კოცნა, როგორც სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინება, იმის ღირსია, რომ თავისი საკუთარი ზეიმი ჰქონდეს.

დღესასწაული იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანები კოცნით კიდევ ერთხელ, საბაბის გარეშე გამოუტყდნენ ერთმანეთს სიყვარულში, აჩუქონ ერთმანეთს საჩუქრები და გამოხატონ საკუთარი გრძნობები.

დროთა განმავლობაში ამ არაოფიციალური ზეიმის აღნიშვნა მთელ მსოფლიოში დაიწყეს.

ბევრ ქალაქში ამ დღეს საზეიმო ღონისძიებები და შეჯიბრებები, კონკურსები ეწყობა, მაგალითად, „ყველაზე ხანგრძლივი კოცნა“, „ყველაზე ლამაზი კოცნა“, „ყველაზე უჩვეულო კოცნა“ და სხვ.

კოცნამ მსოფლიო კინემატოგრაფიაში მისი გამოგონებისთანავე დაიმკვიდრა თავი. პირველი კინოკოცნა 1896 წლით თარიღდება, რომელიც მეი ირვინმა და ჯონ ს. რაიემ შეასრულეს.

რა სარგებლობა მოაქვს კოცნას

კოცნის ფენომენით მეცნიერებიც დაინტერესდნენ. მათ გამოარკვიეს, რომ ვნებიანი კოცნა ემოციების იმავე „ქარიშხალს“ იწვევს, როგორსაც პისტოლეტიდან სროლა ან პარაშუტით ხტომა. ასე რომ, კლასიკურ გამოთქმას, „დაკავდით სიყვარულით და არა ომით“, მეცნიერული დასაბუთება გააჩნია, ხოლო კოცნის შემსწავლელ მეცნიერებას „ფილემატოლოგია“ ეწოდება.

კვლევების დროს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შეყვარებულების რომანტიკული კოცნა არა მარტო ემოციურ მუხტს იწვევს, არამედ მთელი რიგი ჰორმონების საქმიანობას ააქტიურებს.

კერძოდ, დამტკიცდა, რომ კოცნის დროს ადამიანის სისხლში მცირდება კორტიზოლის — სტრესის ჰორმონის დონე, ხოლო ოქსიტოცინის — ნდობის, ანუ „სიყვარულის ჰორმონი“ იზრდება.

მკვლევარები ირწმუნებიან, რომ კოცნა ადამიანს წონის დაკლებაში ეხმარება. მათი გათვლებით, ორწუთიანი ვნებიანი კოცნის დროს დაახლოებით ორი კალორია იხარჯება. კოცნა ნაოჭების პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა — ის სახის დაახლოებით 30 კუნთს ამუშავებს. გარდა ამისა, კოცნა ფილტვების მუშაობისთვისაა კარგი და კარიესის პროფილაქტიკაა.

ბერლინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ დილიდან სამი 20-წამიანი კოცნა მთელი დღის განმავლობაში რომანტიკული განწყობის შენარჩუნებას ეხმარება, ხოლო ხანგრძლივი კოცნა ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის შეტევას ხსნის.

სხვადასხვა ასაკის ასი წყვილის კოცნაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ იდეალური კოცნის ხანგრძლივობა 3 წუთია, ამასთან, ერთმანეთის თვალებში ყურება სასურველია.

რეკორდები

კოცნის რაოდენობის მხრივ მსოფლიო რეკორდი ამერიკის მინესოტას შტატის მკვიდრს ა. ვოლფრამს ეკუთვნის, რომელმაც 1990 წლის 15 სექტემბერს 8 საათის განმავლობაში 8001 ადამიანის კოცნა მოასწრო, თითოეულის კოცნას 3,6 წამი დასჭირდა.

© გინესის რეკორდების წიგნიეკაშაია და ლაკსანა ტირანარატები
6 ივლისი კოცნის საერთაშორისო დღეა - Sputnik საქართველო
ეკაშაია და ლაკსანა ტირანარატები

კოცნის ხანგრძლივობის რეკორდი 2013 წლის თებერვალში ტაილანდში დამყარდა. რეკორდის ავტორები არიან ეკაშაია და ლაკსანა ტირანარატები. ისინი ერთმანეთს 58 საათის, 35 წუთისა და 58 წამის განმავლობაში კოცნიდნენ.

საინტერესოა, რომ ეს უკვე ტაილანდელების მიერ დამყარებული მესამე მსგავსი რეკორდია. გამორიცხული არაა, რომ შემდეგი რეკორდსმენები ასევე ტაილანდელები გახდებიან, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ კოცნა ყველაზე დიდხანს შეუძლიათ.

რაც შეეხება წყალში „შესრულებულ“ კოცნას, აქ მოქმედი ლიდერი, 1980 წლიდან მოყოლებული, იაპონელი წყვილია. ტოშიაკი შირაი და იუკიკო ნაგატაი წყალში ერთმანეთს 2 წუთისა და 18 წამის განმავლობაში კოცნიდნენ.

გამოგონებები

მათთვის, ვისაც საყვარელი ადამიანის გარეშე ერთი წამითაც არ უნდა დარჩენა, იაპონიაში მოწყობილობა გამოიგონეს, რომელიც კოცნის იმიტაციას ახდენს. მისი დახმარებით კოცნა შეუძლიათ ერთმანეთისგან შორს მყოფ ინტერნეტის მომხმარებლებს.

მოწყობილობა წყვილი აპარატისგან შედგება, რომელსაც კომპიუტერს უერთებენ. ეს მოწყობილობა ტოკიოს უნივერსიტეტის ელექტროკომუნიკაციების ლაბორატორიაში შეიქმნა. მისმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მოწყობილობა გამოცდის სტადიაშია. მომავალში „კოცნის გადამცემს“ გემოს შეგრძნებები და პარტნიორის სუნთქვის იმიტაცია ექნება.

კოცნა და კანონი

შუა საუკუნეების იტალიაში, რომელიც მკაცრი ზნეობრივი წესებით გამოირჩეოდა, თუ მამაკაცი ქალს ხალხის თანდასწრებით აკოცებდა, ცოლად უნდა მოეყვანა.

აშშ-ში ზოგიერთი შტატი კოცნასთან მიმართებით თავისებური კანონებით გამოირჩევა.

კერძოდ, ინდიანას შტატში ულვაშიანს „ადამიანური არსების კოცნა ეკრძალება“ — ქალის ნაზ ბაგეზე ზრუნვის შესანიშნავი ნიმუშია. ხოლო კონექტიკუტის შტატში ცოლის კოცნა კვირა დღეს კატეგორიულად იკრძალება, თუ რატომ — უცნობია.

აკრძალვები

დღეს მთელი მსოფლიო კოცნის დღეს აღნიშნავს, მაგრამ ჯერ კიდევ არის ქვეყნები, სადაც სიყვარულის ამ ფორმით გამოხატვისთვის არა მარტო უკულტუროს იარლიყი მოგეკერებათ, არამედ შეიძლება სერიოზული სანქციებიც დაგეკისროთ.

საფრანგეთი, კოცნის ყველაზე ცნობილი ტექნიკის ავტორი, თავს სიყვარულის გამოვლენაში მაინც ზღუდავს. კოცნა უმკაცრესად არის აკრძალული საფრანგეთის ყველა სადგურის ბაქანზე, მაგრამ ეს კანონი არაფრით ისჯება და ამიტომ, მას არც იცავენ.

სხვათა შორის, ამგვარი აკრძალვები, რომლებიც იმისთვის დაწესდა, რომ შეყვარებულმა წყვილებმა მგზავრთა ნაკადს ხელი არ შეუშალონ, ინგლისის ბევრ სადგურზეც გვხვდება. ლონდონში დღემდე აკრძალულია კოცნა მეტროში და მის გაუქმებას არც არავინ აპირებს.

© Matt Dunhamპრინცი უილიამი და მისი მეუღლე ბუკინგემის სასახლის აივანზე
6 ივლისი კოცნის საერთაშორისო დღეა - Sputnik საქართველო
პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ბუკინგემის სასახლის აივანზე

„დამრღვევებს“ ებრძვიან შვედეთშიც. იქ კოცნა საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილზე აკრძალულია. ამასთან, სასჯელი, ყველაზე უარეს შემთხვევაში, შეიძლება პოლიციელის შენიშვნა იყოს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების, როგორც ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნის რეპუტაციას სულ არ უშლის ხელს მის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მორალის შესახებ საკმაოდ სასტიკი კანონების გავრცელება, რაც მუსლიმურ ტრადიციებს ეყრდნობა. მეგობრული ფეშენებელური სასტუმროებისა და ზურმუხტოვანი პლაჟების გარეგნულმა იერმა ზოგიერთი უცხოელი შეიძლება დააბნიოს და მისი დასვენება უსიამოვნო შედეგებით დასრულდეს.

აბუ-დაბის ქუჩებში კოცნისთვის შეიძლება არა მარტო სერიოზულად დაგაჯარიმონ, არამედ ათი დღით საპატიმროშიც მოგათავსონ.

მალაიზიაში საზოგადოებრივი ზნეობის დამრღვევს 75 აშშ დოლარის ოდენობით აჯარიმებენ.

ინდონეზია ოდესღაც კოცნის ფესტივალებით იყო ცნობილი, თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შესახებ სულ უფრო მეტ კანონს იღებს.

ხალხში კოცნისთვის ჯაკარტაში ათ წლამდე პატიმრობა ან 33 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმაა დაწესებული.

ინდოეთის ქალაქ გოას ერთ-ერთი სოფლის ადმინისტრაციამ მიიღო კანონი, რომლითაც შეყვარებულ წყვილს საზოგადოებრივ ადგილებში კოცნა ეკრძალება. რაიონული პარლამენტის ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზი ის გახდა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ზოგიერთი ტურისტის უღირსი საქციელი ძალიან აღიზიანებს.

ბევრ არაბულ ქვეყანაში, თუნდაც ისინი შარიათის კანონებისგან შორს იყვნენ, ასევე უპრიანია თავშეკავება და საკუთარი გრძნობების გაკონტროლება.

საქართველო

2011 წლის მაისში თბილისის დიდ პარკებსა და სკვერებში გამოჩნდა კოცნის ამკრძალავი ბანერები. წესრიგის დაცვას თვალყურს ადევნებდა დაცვის სამსახური და წესრიგის დამრღვევს მისი დაცვისკენ მოუწოდებდა.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ თბილისელების ჯგუფმა „ფეისბუქის“ საშუალებით აქცია მოაწყო და ეს „პურიტანული“ სიახლე „სახალხო კოცნის სეანსით“ გააპროტესტა. საპროტესტო აქცია რიყის პარკში, პოლიციის თვალწინ გაიმართა, რომელიც ამას მშვიდად ადევნებდა თვალს.

ორი წლის შემდეგ საქართველოში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფასთან დაკავშირებული კანონმდებლობა გამკაცრდა.

მოგვიანებით განმარტეს, რომ ადამიანის ღირსების შეურაცხყოფაში იგულისხმება სრული ან ნაწილობრივი „უხამსი“ გაშიშვლება, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ასევე სექსუალური ხასიათის ქმედებები.

ასევე გაიზარდა ჯარიმა საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მიღებისთვის.

2011 წლის ივნისში საქართველოში პირველად გაიმართა კოცნის კონკურსი Kiss Party, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა. მასში მონაწილეობდა ექვსი, მათ შორის ერთი — ქალთა წყვილი.

გაიმარჯვა წყვილმა, რომელიც ერთმანეთს 3 საათი და 10 წუთის განმავლობაში კოცნიდა. პრიზის სახით მათ თურქეთში ერთკვირიანი ტურისტული საგზური მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0