„გაათავისუფლეთ გიორგი რურუა" – საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა აქციის ფონზე გაიმართა

© photo: Giorgi Rurua / FBგიორგი რურუა
გიორგი რურუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელის, პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუას მეგობრები და მომხრეები პარლამენტთან მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

რურუას მხარდამჭერი აქცია ხალხმრავალი არაა. აქციის მონაწილეები დროშებითა და პლაკატებით პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილი. ისინი ხელისუფლებისგან რურუას გათავისუფლებას და 8 მარტის შეთანხმების შესრულებას მოითხოვენ.

გიორგი რურუა - Sputnik საქართველო
რურუას საქმე - საჯილდაო ქვა ქართულ პოლიტიკაში

„შევიკრიბეთ გიორგი რურუას მეგობრები და კიდევ ერთხელ ვითხოვთ, რომ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და სასწრაფო წესით გათავისუფლდეს გიორგი რურუა პატიმრობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ პერმანენტულ აქციებს დავიწყებთ", – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან მერაბიშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას გულისხმობს. პირველი მოსმენით ცვლილებებს მხარი დაუჭირა 136-მა დეპუტატმა, ხუთი დეპუტატი იყო წინააღმდეგი, ერთმა თავი შეიკავა.

საპარლამენტო ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და ოპოზიციასთან შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ გეგმავს, ვიდრე არ შესრულდება 8 მარტის შეთანხმება და არ გათავისუფლდება გიორგი რურუა, რომელსაც პოლიტპატიმრად მიიჩნევს. „ევროპულმა საქართველომ“, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენისას მხარი დაუჭირა, ასევე განაცხადა, რომ მეორე და მესამე მოსმენაში არ მიიღებს მონაწილეობას, თუ არ გათავისუფლდება გიორგი რურუა.

მაისში, როდესაც საქართველოში ოპოზიციასთან შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დაიწყო, პროცესი რომ არ ჩავარდნილიყო, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ შეთანხმებისას დასახელებული სამიდან ორი პატიმარი – გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ციხეში დღემდე რჩება გიორგი რურუა, რომელზეც სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.

საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რურუას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, რადგან რურუას საკუთარი, ოფიციალურად გაფორმებული 50-მდე ერთეული იარაღის შენახვის უფლება აქვს. თავად რურუა აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეში დაზარალებული მხარეა.

ყველა ახალი ამბავი
0