მეუფე გრიგოლ კაცია: „ეკლესიები საუკუნეები იცავდნენ ტაძრების მიმდებარე ტერიტორიებს...“

© Sputnik / Nika Latariaმიტროპოლიტი გრიგოლ კაცია
მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები აცხადებენ, რომ გაუფრთხილდებიან ტყეს, მოუვლიან და მომავალ თაობას გადასცემენ.

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ეხმაურებიან ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლებიც ეკლესიისთვის სახელმწიფო ტყეების გადაცემას ეხება, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით, ეკლესია და ქართველი ერი ტყის  გადარჩენაზე ზრუნავდა და პატრიარქი  ხეების დარგვასთან და   მწვანე ზოლის მომავალი თაობებისთვის შენახვასთან დაკავშირებით მუდმივად ქადაგებს. ასე ეხმიანება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ტყის კანონი, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიისათვის სახელმწიფო ტყის ნაწილის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს.

„სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი ზუსტად რა კანონზეა საუბარი. უფრო კარგად ვიცი სიტუაცია წალკაში, სადაც არის 40 სოფელი და ყველა სოფელში არის ქართული ტაძარი ან ნატაძრალი. სადაც ახლა ეთნიკური დასახლებებია, მითუმეტეს საზღვარზე, სულ არის ციხე-სიმაგრეები და მონასტრები. მარტვილის მონასტერი მერვე საუკუნიდან არსებობს და საუკუნეები ეპარქია ინარჩუნებს ტყეს და ამრავლებს. მიუხედავად იმისა, რომ შემოსევების დროს დაუნგრევიათ და გადაუწვავთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები, ჩვენი ეკლესია და ქართველი ერი ყოველთვის ერთად ზრუნავდა მათ გადარჩენაზე და ეს არის კარგი მაგალითი ჩვენთვის. პატრიარქი მუდამ ქადაგებს, რომ დავრგოთ ხეები და ასე შევინარჩუნოთ მწვანე ზოლი მომავალი თაობებისთვის. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ეკლესია რამეში გამოიყენებს ხე-ტყეს, მაგრამ ეს ასე არ არის. თბილისი მთაწმინდის გარეშე არ არსებობს, მცხეთა სვეტიცხოვლის, ქუთაისი გელათისა და ბაგრატის და ეს ადგილებია ზუსტად იმ ლამაზ ტერიტორიებზე. ეს სულაც არ არის პრივილეგია, ეს ღვაწლია ეკლესიის, საუკუნეები რომ იცავდნენ ტაძრების მიმდებარე ტერიტორიებს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
„ღმერთის არ გწამთ?“ - ზურაბ ჯაფარიძემ საპატრიარქოს წინ აქცია გამართა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე შარაშენიძე აღნიშნულ საკითხს დადებითად აფასებს. მისი თქმით, სამთავრობო სტრუქტურებში შეიქმნება კომისია და ის განიხილავს რომელ ეპარქიას რამხელა ფართობის ტყის მასივს გადასცემენ.

„ჯერ არავისთვის არაფერი არ მიუციათ, ეს კანონი არის და უნდა განიხილონ, ვის მისცემენ, რამდენს მისცემენ. ეს უნდა განიხილოს შესაბამისმა კომისიამ, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებში შეიქმნება. ჩვენ ვთქვით, რომ გავუფრთხილდებით ამ ტყეს, მოვუვლით და მომავალ თაობას გადავცემთ. სხვა არანაირი დანიშნულება არ ექნება“, - განაცხადა მეუფე გერასიმემ.                                          

ოთხშაბათს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებმა განიხილეს ცვლილებები ტყის კოდექსში, რომელთა მიხედვით თითოეულ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში მის მიმდებარედ არსებული სახელმწიფო ტყეების 20 ჰექტრამდე ფართობი გადაეცემა. კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს.

საუბარია კოდექსის პირველი თავის მე-15 მუხლზე, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო ტყის გადაცემას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ტყის ნაწილის საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საკუთრებაში გადაცემა ხდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით“, - ნათქვამია კანონპროექტში.

საქართველოს ტყის კოდექსი არეგულირებს ტყეების კლასიფიკაციის, მათი გამოყენებისა და მოჭრის საკითხებს და ტყის მართვის სისტემის შექმნის საფუძველს წარმოადგენს.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0