თბილისი, 22 აპრილი – Sputnk. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.
საქართველოში დღეს COVID-19-სგან გარდაცვალების მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა გარდაცვლილი 65 წელს ზევით ასაკისაა, რომლებსაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.
„მინდა ჩემი სამძიმარი გამოვთქვა იმ ოჯახების მიმართ, რომლის წევრებიც ამ ეპიდემიის დროს გარდაიცვალნენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ექიმებს გაწეული მუშაობისთვის და მათ კრიტიკოსებს უპასუხა.
„რაც ახლა ხდება, ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია. არ შეიძლება, რომ ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობამ 411-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 98, გარდაიცვალა – ხუთი ადამიანი.