საქართველომ ესპანეთის კვალდაკვალ Shenzhen Bioeasy Biotechnology-ს ტესტებზე უარი თქვა

გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში შემოტანილი ყველა ტესტის ხარისხი საგულდაგულოდ მოწმდება და მათ სანდოობაში დაეჭვების საფუძველი არ არის.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველომ გააუქმა ხელშეკრულება COVID-19-ის ექსპრეს-ტესტების მოწოდებაზე ჩინურ კომპანია Shenzhen Bioeasy Technology–სთან, რომლის პროდუქციის ხარისხზეც ესპანეთში დაეჭვდნენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები სხვა კომპანიასთან მიმდინარეობს, რომელიც პირველ სატესტო – 2000 ტესტს გამოგზავნის. იმ შემთხვევაში, თუ ტესტების მიმართ სანდოობა იქნება, ქვეყანა დამატებით რაოდენობას შეიძენს. ტესტების შერჩევა მიმდინარეობს ინფექციონისტების რეკომენდაციით.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
„შეცდომის უფლება არ გვაქვს“ – ტიკარაძე კორონავირუსთან ბრძოლის თაობაზე

„ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ტესტებთან დაკავშირებით, ვიტყვი, რომ კომპანია „ბიოისმა“ (Shenzhen Bioeasy Technology), იქიდან გამომდინარე, რომ ის არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ  გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც იყო გაყიდული. საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ჩვენ ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ნებისმიერ ახალ ტესტს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, აკვირდებიან.

„დაკვირვება მდგომარეობს შემდეგში: ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით და, აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენს მოქალაქეებში და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მათ ფართო გამოკვლევისთვის. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მოხდეს მცდარი დიაგნოსტიკა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი ტესტები კორონავირუსზე უკვე საქართველოშია>>

ამ დროისათვის საქართველოში ინფიცირებულია 81 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 247 პაციენტია.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა უახლოეს 2–3 კვირაში გაიზრდება.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0