როგორია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა საქართველოში

© Sputnik / STRINGERთბილისელები პირბადეებით
თბილისელები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ხანდაზმული ქალი, რომელსაც კორონავირუსის გარდა კიდევ სხვა სერიოზული ქრონიკული დაავადებები აწუხებს.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ორი აშშ-ში, ერთი კი საფრანგეთში მოგზაურობას უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ყველა ეს პირი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მათგან ორი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია, ერთი კი – სხვა კლინიკაში.

ამირან გამყრელიძე: შემდეგი 3-4 კვირა უფრო რთული იქნება>>

„ახალი პაციენტებიდან ერთი არის საფრანგეთის ისტორიით და ორს ამერიკის ისტორია აქვს. ყველა შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსისგან 10 პაციენტი განიკურნა

რაც შეეხება ასაკოვანი პაციენტის მდგომარეობას, ეზუგბაიას განცხადებით, მის შემთხვევაში დაავადება პროგრესირებს და, პნევმონიის შემდეგ, მას სეფსისიც დაუდასტურდა.

„ჩვენთან ყველაზე მძიმე პაციენტი არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელთან მიმართებითაც მუდმივად ვამბობთ, რომ არის რისკის შემცველი თავისი ასაკის, ასევე თანდართული დაავადებების გამო – ნევროლოგიური და პარალელურად გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება. დღეისათვის შემიძლია გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს და, ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, მასთან უკვე სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება, შესაბამისად წარმოებს მისი მკურნალობა. შედეგები და პროგნოზის თქმა შეუძლებელია, ვნახოთ, დინამიკაში როგორი სიტუაცია განვითარდება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 73 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

აჭარა ინფექციის შესაძლო გავრცელების გამო განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადადის>>

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დამატებით კარანტინი გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0