ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშისიტუაცია მადრიდში
სიტუაცია მადრიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანეთში, სადაც იტალიის შემდეგ კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა ყველა მაღალი მაჩვენებელია, ამ დროისათვის დაინფიცირების 17147 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილია 767 ადამიანი.

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. ესპანეთში ახალი კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

იმნაძის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა.

„არის ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი ესპანეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალბატონი. მას ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავდროულად კორონავირუსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირშია როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება“, - აღნიშნა იმნაძემ.

კანის ფესტივალი - Sputnik საქართველო
კანის ფესტივალი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე რამდენიმე დღის წინაც გარდაიცვალა. მას ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

ესპანეთში, სადაც იტალიის შემდეგ კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა ყველა მაღალი მაჩვენებელია, ამ დროისათვის 17147 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილია 767 ადამიანი.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები.

მთავრობამ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

 

ყველა ახალი ამბავი
0