რესპუბლიკური საავადმყოფოს ათ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Stringerრესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. რესპუბლიკური საავადმყოფოს ათ პაციენტს გუშინ ტესტირება ჩაუტარდა და ათივეზე პასუხი უარყოფითი იყო, განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია.

დაცარიელებული თბილისი - Sputnik საქართველო
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: რა შეზღუდვები წესდება

გოფოძის განცხადებით,  რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად დაკვირვების ქვეშ 45 პაციენტი იმყოფება, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღეს კიდევ ხუთ პაციენტს ჩავუტარებთ ტესტირებას, დაგეგმილია რამდენიმე პაციენტის გაყვანა კლინიკიდან, ზოგი კარანტინის ზონაში გადაინაცვლებს. ზოგი თვითიზოლაციაში“, – განაცხადა გოფოძემ.

როგორც მან განმარტა, ხუთივე პაციენტი, რომელთა სინჯებს ახალ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება, ჩამოსულია სხვადასხვა ქვეყნიდან.

„მათ გამოუვლინდათ კლინიკური ნიშნები, ხველებით, ცხელებით და აშ. ყველა არის საქართველოს მოქალაქე“ – აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.

როგორც გოფოძემ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფო ვერ მიიღებს პაციენტებს ქირურგიული, ნევროლოგიური ან ტრავმატოლოგიური გამოვლინებებით, რადგანაც დღეს რესპუბლიკური საავადმყოფო ინფექციური საავადმყოფოს ნაწილს წარმოადგენს. რესპუბლიკური საავადმყოფო მიიღებს მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ. სხვა დაავადებების მქონე პირებმა სხვა საავადმყოფოებბს უნდა მიმართონ.

კორონავირუსზე სინჯის აღება  - Sputnik საქართველო
კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საფრანგეთში მოგზაურობას უკავშირდება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები.

მთავრობამ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

 

ყველა ახალი ამბავი
0