თბილისი, 20 მარტი — Sputnik. პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, უფლისწულ დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის დედა გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს სამეფო სახლის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი 17 მარტს ესპანეთში გარდაიცვალა.
მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი დაიბადა ესპანეთში, ქალაქ მადრიდში 1942 წლის 2 აგვისტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორწინა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილზე. სამეფო წყვილს შეეძინა სამი შვილი: მარია ანტუანეტა, ირაკლი და დავითი. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.