არდადეგები გაგრძელდება? – საქართველოს ჯანდაცვა სასწავლო პროცესის გადადებას არ გამორიცხავს

© Sputnik / STRINGERდეზინფექცია
დეზინფექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეიძლება არდადეგები 26 აპრილამდე გაუგრძელდეთ – ყველაფერი ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებიდან და ინფიცირებულთა რაოდენობიდან გამომდინარე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეიძლება გადავადდეს.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია. ხელისუფლება ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას ელოდება. 

გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
როდის განახლდება სწავლა სკოლებში – პრემიერის არადამაიმედებელი პროგნოზი

„რეკომენდაცია განათლების მიმართულებით ცალსახად დამოკიდებულია ვირუსის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში. იქიდან გამომდინარე, თუ ჩვენ გვექნება მაღალი მატება, ნებისმიერ შემთხვევაში გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა იყოს შეჩერებული და გადავადებული კიდევ ერთხელ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, განათლების სამინისტრო კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს, რათა სასწავლო წელი სრული აკადემიური მოსწრებით დასრულდეს.

ოფიციალურად, სასწავლო დაწესებულებებში სწავლის პროცესი 1 აპრილამდეა შეწყვეტილი. თუმცა, პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა 26 აპრილამდე სასწავლო პროცესის სრულად აღდგენა.

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა – ერთი. კარანტინში იმყოფება 1344 ადამიანი, სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 216 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიის გამო 18 მარტიდან უცხოეთის მოქალაქეებს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ორი კვირის განმავლობაში ეკრძალებათ.

ქვეყანაში დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო სამსახური და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

ამასთანავე, გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

საქართველოს მთავრობა სილამაზის სალონებს, კაფე-ბარებს, გასართობ ცენტრებს, სამორინეებსა და ტოტალიზატორებს ურჩევს, დროებით შეწყვიტონ მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0