ინფიცირებულთა მდგომარეობა - ბოლო მონაცემები თენგიზ ცერცვაძისგან

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 12 პაციენტს აღენიშნება პნევმონია, ოთხი მათგანი პრობლემურად ითვლება, ხოლო ერთი პაციენტი, რომელიც მძიმედ იყო, უკეთაა

თბილისი, 16 მარტი - Sputnik. თბილისის ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში 45 პაციენტია მოთავსებული, მათგან 28 - ინფიცირებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ანალიზების შედეგად ცვლილებები არ გამოვლენილა და 16 მარტისთვის საქართველოში კვლავ 33 ინფიცირებულია.

რაც შეეხება პირველ გამოჯანმრთელებულ პაციენტს, რომელიც საავადმყოფოდან გაწერეს, ორი კვირის განმავლობაში ის თვითიზოლაციაში იქნება.

„არსებობს გარკვეული წესები, ზოგ ქვეყანაში მათ იცავენ, ზოგან - არა. ზოგიერთ გამოჯანმრთელებულ პაციენტს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მაშინვე უშვებენ. ჩვენ შევიმუშავეთ სხვა ვარიანტი, გავითვალისწინეთ ჩინეთის გამოცდილება, სადაც გამოწერილ პაციენტებს განმეორებით გამოუვლინდათ ინფექცია. ამიტომ გამოჯანმრთელებული პაციენტი ორი კვირის განმავლობაში არავის არ დაეკონტაქტება და თვითიზოლაციაში დარჩება“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
München - Sputnik საქართველო
მიუნხენში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

რაც შეეხება დანარჩენი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, 12 პაციენტს დაუფიქსირდა პნევმონია. მათგან ოთხი შედარებით პრობლემურად ითვლება. ხოლო იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მძიმედ ითვლებოდა, გაუმჯობესდა.

ცერცვაძის სიტყვებით, მისმა ავადმყოფობამ პიკი გადალახა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ამასთანავე, კლინიკის დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჯერ არ არსებობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი, ვინაიდან ყველა ინფიცირებულისთვის ზუსტად არის ცნობილი ინფიცირების წყარო და ვითარება კონტროლდება.

რეგიონში ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველომ ჩაკეტა საზღვრები სომხეთთან და აზერბაიჯანთან. სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა ასევე რუსეთთან, თურქეთის საზღვარზე კი მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტია ჩაკეტილი.

გარდა ამისა, საქართველოში დაწესებულია სავალდებულო კარანტინი ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 16 მარტისთვის >>

ქვეყანაში დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო სამსახური და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

ამასთანავე, გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

საქართველოს მთავრობა სილამაზის სალონებს, კაფე-ბარებს, გასართობ ცენტრებს, სამორინეებსა და ტოტალიზატორებს ურჩევს, დროებით შეწყვიტონ მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0