საქართველოში Wings for Life World Run მარათონი მეშვიდედ ჩატარდება

© courtesy of Wings for Life World Runმარათონი Wings for Life World Run
მარათონი Wings for Life World Run - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია, შეგროვებული თანხა კი ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხება.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველო მეშვიდედ შეუერთდება წლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ მოვლენას – მსოფლიო საქველმოქმედო მარათონს Wings for Life World Run 2020, ნათქვამია ორგანიზატორების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჩემპიონატი ძალოსნობაში - Sputnik საქართველო
აზიის ჩემპიონატი ძალოსნობაში კორონავირუსის გამო გადაიდო

ტრადიციისამებრ, ქართული მარათონი, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გარბენის ნაწილი, 3 მაისს კახეთში გაიმართება. სასტარტო პუნქტი ლოპოტის ტბის ჩასახვევთან, თელავი–ყვარლის გზატკეცილის მე-10 კილომეტრზეა. დასაწყისი 15:00 საათზე.

მარათონში მონაწილეთა რეგისტრაცია მარათონის ოფიციალურ გვერდზე მოხდება. რეგისტრაცია 15 მარტს, 15:00 საათზე დაიწყება, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილის 15:00 საათი.

საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ მორბენლებს, ისე მოყვარულებს, ასევე შშმ პირებს. მთავარი პირობაა — ასაკი 18 წელს ზემოთ.

ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია, შეგროვებული თანხა ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხება.

Wings for life world run მსოფლიო საქველმოქმედო მარათონის უნიკალურობა ისაა, რომ მასში არც საფინიშო ხაზია და არც დროით შეზღუდვა. არის მხოლოდ ერთი წესი: მორბენალს არ უნდა წამოეწიოს სპეციალური „საფინიშო მანქანა", რომელიც დისტანციაზე სტარტის გამოცხადებიდან 30 წუთის შემდეგ გადის და 15-25 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. მონაწილე, რომელსაც „საფინიშო მანქანა" დაეწევა, წყვეტს სირბილს და მას საწყის წერტილზე სპეციალური ავტობუსით დააბრუნებენ.

ყოველ მეხუთე კილომეტრზე განთავსებული იქნება წყლის, ენერგეტიკული სასმელებისა და ხილის პუნქტები. სტარტსა და მარათონის მთელ მარშრუტზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები. თუ მონაწილეს რაიმე სახის დაავადება ან ალერგია აქვს, წინასწარ უნდა აცნობოს მარათონის ორგანიზატორებს.

გამოვლინდება ორი გამარჯვებული — ქალი და მამაკაცი — ისინი, ვისაც სულ ბოლოს წამოეწევა "საფინიშო მანქანა". სწორედ მათ მიეცემათ WINGS FOR LIFE WORLD RUN 2020-ში მონაწილეობის უფლება პლანეტის ნებისმიერ წერტილში. გლობალური გარბენის ჩემპიონები კი პრიზის სახით დედამიწის გარშემო მოგზაურობის საგზურს მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0