ბათუმის პორტიდან ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ადამიანი გადაიყვანეს

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პირი იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ბათუმის პორტიდან ქალაქის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ერთი პირი გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი 25 თებერვალს იტალიიდან უკრაინის გავლით დაბრუნდა საქართველოში, 9 მარტს კი პორტიდან გამგზავრებას გეგმავდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 15-ს მიაღწია

„ბათუმში ერთი შესაძლო შემთხვევა გვყავს, რომელიც ბათუმის პორტიდან არის ინფექციურში გადაყვანილი. ეს ადამიანი 25 თებერვალს გამოემზავრა იტალიიდან უკრაინის გავლით. ბათუმში შემოვიდა გუშინ. იდენტიფიცირებულია როგორც შესაძლო პაციენტი, ჰქონდა ცხელება. ველოდებით მისი ლაბორატორიული კვლევის პასუხს", – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.

ნიჟარაძის განცხადებით, ამ დროისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინში კიდევ სამი პირი იმყოფება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ დღეს თბილისში, სხვა საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აჭარაში საკარანტინო ზონა 5 მარტს გონიოში ამოქმედდა. კარანტინში ამ დროისთვის დაკვირვების მიზნით საქართველოს 30 მოქალაქე იმყოფება, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების რისკის ქვეყნებიდან დაბრუნდნენ, თუმცა არც ერთ მათგანს ჯერ საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნება.

გონიოს გარდა, საკარანტინო სივრცეები მოწყობილია აბასთუმანში, თბილისის კლინიკა „ვივამედში", საჩხერეში, ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ტუბერკულიოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში, გორის ჰოსპიტალში.

9 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51. ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 106 893 ადამიანს აღწევს, დაიღუპა 3 639, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციაში. კორონავირუსი უკვე 103 ქვეყანაშია გამოვლენილი.

ყველა ახალი ამბავი
0