კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა საქართველოში: პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

© Sputnik / STRINGERთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისათვის 25 პაციენტია მოთავსებული.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა და კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკურად მძიმეა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, იუწყება „პირველი არხი“.

5 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსი საქართველოში უკვე ოთხ ადამიანს დაუდგინდა: ორი ირანში იმყოფებოდა და ორიც - იტალიაში. მეოთხე შემთხვევის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა>>

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 44 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 38.5 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აღენიშნება.

„პაციენტი არის საქართველოს მოქალაქე, 44 წლის მამაკაცი. თვითიზოლაციაში იმყოფებოდა კვირიდან დღემდე. ოჯახის წევრებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააკვირდება. ეს არის კლინიკურად მძიმე შემთხვევა, 38-ნახევარზე მეტი აქვს ტემპერატურა. აღენიშნება ქვედა სასუნთქი სისტემის მძიმე დაზიანება, რაც ახასიათებს ამ ვირუსს", – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისათვის 25 პაციენტია მოთავსებული.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისი თქმით, იდენტიფიცირებული არიან თვითმფრინავში მასთან ერთად მყოფი პირებიც. მაღალი თვითშეგნებისთვის პაციენტს იმნაძემ მადლობა გადაუხადა.

ნიღბიანი გოგონების ჯგუფი - Sputnik საქართველო
როგორია ქართველი სტუდენტის მდგომარეობა, რომელსაც იტალიაში კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

ჟურნალისტების მიკროფონები - Sputnik საქართველო
შეინარჩუნეთ დისტანცია! ჯანდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებს ვირუსისგან თავდაცვას ასწავლის

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 95 425 კაცს შეადგენს. აქედან 80 410 შემთხვევა მატერიკულ ჩინეთზე მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ჩინეთის შემდეგ, პირველ ხუთეულში შედიან: სამხრეთ კორეა (5 766 ადამიანი), იტალია (3 089), ირანი (2 922) და იაპონია (331). სულ გარდაცვლილია 3 286 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 53 299 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0