მილანიდან თბილისში დაბრუნებული შვიდი ადამიანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

© Sputnik / STRINGERინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია
ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიკოსების თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კვლევის შედეგად განსაკუთრებული ცვლილებები არ გამოვლენილა.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. შვიდი მგზავრი, რომლებიც თბილისში მილანიდან გუშინ, გვიან ღამით ჩამოფრინდნენ, საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აეროპორტში შემოწმების დროს მათ დაუფიქსირდათ ოდნავ მომატებული ტემპერატურა, რის გამოც სასწრაფო დახმარების სპეცჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კვლევის შედეგად განსაკუთრებული ცვლილებები არ გამოვლენილა.

გაზქურა - Sputnik საქართველო
„თბილისი ენერჯი“ კორონავირუსის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

„შვიდი პაციენტიდან უმრავლესობა არის იტალიიდან ჩამოსული. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რამდენიმეს აღენიშნება ტემპერატურის მატება მაქსიმუმ 37 გრადუსამდე. სხვა სერიოზული ჩივილი არ გააჩნიათ. აქვთ მხოლოდ მსუბუქი ყელის ტკივილი და მშრალი ხასიათის ხველა. მათი პასუხებიც დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი“, – განაცხადა კლინიკის ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ.

ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს ე.წ. ბოქსირებულ განყოფილებაში 25 პაციენტი იმყოფება. ექიმების სიტყვებით, ახალ კორონავირუსზე ჯერჯერობით 11 მათგანი არ არის გამოკვლეული. მათი კვლევის შედეგები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

რაც შეეხება სამი პაციენტის მდგომარეობას, რომელთაც კორონავირუსი დაუფიქსირდათ, ექიმების სიტყვებით, ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

„ვისთანაც დადასტურებულია ახალი კორონავირუსული ინფექცია, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპზე გართულებები არ აქვთ და იმყოფებიან მონიტორინგისა და კვლევის ფაზაში. ტემპერატურა დაბალი, 37,3 გრადუსამდე აღენიშნებათ. ამ ეტაპზე გამოწერა არ იგეგმება, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გართულებებს არ ველოდებით“, – განაცხადა გოგინავამ.

რომი - Sputnik საქართველო
საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ იტალიაში მგზავრობისგან

3 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსი სამ ადამიანს დაუფიქსირდა – ირანიდან დაბრუნებულ ორ მამაკაცს და იტალიიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა ქალს.

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია მუშაობის დისტანციურ მოდელზე გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0