კალაძე: თბილისელებს C.Т. Park-ის ჯარიმები ჩამოეწერებათ

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიამ 2018 წლის 10 აპრილიდან გააუქმა კომპანია C.T. Park-თან კონტრაქტი, რომელიც ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიურ უფლებას 2007 წლიდან ფლობდა.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას ჩამოაწერს არასწორი პარკირებისთვის კომპანია C.T. Park-ის მიერ გამოწერილ ჯარიმებს, რომელთა საერთო რაოდენობა 850 ათას ლარს შეადგენს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომპანია CT Park-ის გაფრთხილება პარკირების წესების დაცვის თაობაზე - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ „სითი პარკს" კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაცია გადაუხადა

კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს პარლამენტში წარსადგენად შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება დაავალა.

თბილისის მერიამ 2018 წლის 10 აპრილიდან გააუქმა კონტრაქტი კომპანია C.T. Park-თან, რომელიც ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიურ უფლებას 2007 წლიდან ფლობდა. საპასუხოდ კომპანიამ 25 მილიონი ლარის პირგასამტეხლოს მიღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა კონტრაქტის ნაადრევი შეწყვეტის სანაცვლოდ. ამ დღეებში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ C.T. Park-ს 4,3 მლნ დოლარი გადაუხადა და მისი მატერიალური აქტივები და ასევე მოსახლეობის მიერ გადაუხდელი ჯარიმები გადმოიბარა. შესაბამისად, მერიასა და კომპანიას შორის დავა შეწყდა.

კალაძის თქმით, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში C.T. Park-მა 1,2 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმები გამოწერა.

„მას შემდეგ, რაც „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ოპერირებს, დაახლოებით ხუთი ათასი ჯარიმა გამოიწერა და ქალაქში წესრიგია, არ არის უკმაყოფილო ხალხი. ადამიანებს ჩამოეწერებათ ეს (ძველი) ჯარიმები, დაახლოებით 850 ლარის ოდენობის“, – განაცხადა კალაძემ.

ზონალური პარკირება - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: C.Т. Park-ის ტექნიკასთან ერთად 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

ამასთან, მერმა აღნიშნა, რომ საუბარი ეხება აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადაცემულ ჯარიმებს.

„მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის პარლამენტში შეტანა. იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაგვიჭერს და დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერიამ C.Т. Park-თან კონტრაქტი 2007 წლის დეკემბერში 2022 წლამდე ვადით გააფორმა. მაშინ ქალაქის მერი გიგი უგულავა იყო.

კომპანია C.Т. Park-ი ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიურ უფლებას ფლობდა. კალაძის წინამორბედმა დავით ნარმანიამ არაერთხელ უწოდა აღნიშნულ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას კაბალური, თუმცა საკითხის მოგვარება ვერ შეძლო.

C.T. Park-თან შეთანხმების დადებისთვის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახსრების გაფლანგვისთვის ბრალდება წაუყენეს უკვე ყოფილ მერს გიგი უგულავას.

გამოძიება ამტკიცებს, რომ უგულავამ, რომელიც 2006-2013 წლებში თბილისის მერი იყო, ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და C.T. Park-ს მიანიჭა „დაუსაბუთებული უპირატესობა“, რომელიც სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი განკარგვის გზით კომპანიის შემოსავლების ხელოვნურ გაზრდაში გამოიხატებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0