„სოფლად სახლი“ - ექვსსულიან დევნილ ოჯახს ორსართულიანი სახლი გადასცეს

გამოწერა
2013 წელს მაშინდელმა დევნილთა და განსახლების სამინისტრომ პროექტი „სოფლად სახლი" დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახი თავად არჩევს სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში დევნილ ოჯახს ორსართულიანი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუსყიდეს, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, ალექსანდრე ვეკუას 6-სულიანი ოჯახისთვის გადაცემული სახლი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა მოინახულეს.

ალექსანდრე ვეკუას განცხადებით, მათ ქალაქის ბინას სოფლად ცხოვრება ამჯობინეს, რადგან სახლს მიწის ნაკვეთიც აქვს, რაც მათ საოჯახო მეურნეობის განვითარებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.

2013 წელს მაშინდელმა დევნილთა და განსახლების სამინისტრომ პროექტი „სოფლად სახლი" დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახი თავად არჩევს სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის სამთვიანი ვადა ეძლევათ. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება. დევნილი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით ექსპერტიზა უტარდება.

2013 წლიდან დღემდე სახელმწიფომ „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში სახლი 4000-მდე დევნილ ოჯახს შეუძინა. პროექტის ფარგლებში მარტო 2019 წელს ახალმოსახლეობა საქართველოს მასშტაბით 1050 დევნილმა იზეიმა. პროექტის ფარგლებში, 2020 წელს კიდევ 1 000-ზე მეტი სახლის შესყიდვა იგეგმება.

სოფლად სახლის შესყიდვის მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა იმ დევნილი ოჯახის განსახლების საკითხი განიხილება, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 401 დევნილი ოჯახისთვის შეიძენს >>

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0