საქართველოს სახელმწიფო ჰოლდინგს გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს

გამოწერა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ექს-დირექტორი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ამჯერად მედიცინის მენეჯმენტით დაკავდება.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის პოსტზე გიორგი ჩოგოვაძე დანიშნა.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის თაობაზე ცნობილი 2019 წლის ნოემბერში გახდა. ჰოლდინგში პირველ ეტაპზე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევიდა. მეორე ეტაპზე კი ჰოლდინგს შეუერთდება რეგიონული საავადმყოფოები, მათ შორის, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. ჰოლდინგი სახელმწიფო მართვაში იქნება.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
2020 წლიდან პირველადი ჯანდაცვის მასშტაბური რეფორმა დაიწყება

„გუნდური მოთათბირების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გიორგი ჩოგოვაძეს მენეჯმენტის სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, მისი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ვთვლით, რომ სწორედ ასეთი კანდიდატურა შეესაბამება ჰოლდინგის იმ მოთხოვნებს, რომლებიც მომავალში აუცილებლად დადგება", – განაცხადა ტიკარაძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრმა ჩოგოვაძეს „ამბიციურ და რთულ" საქმეში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ახლო მომავალში მას კლინიკებს წარუდგენენ.

"მე ჩემი გამოცდილებისა და ცოდნის მაქსიმუმს გამოვიყენებ იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, ჰოლდინგს ჰქონდეს სწორი და ეფექტური მენეჯმენტი, მეორე მხრივ კი ამაღლდეს სამედიცინო სერვისებისა და მომსახურების ხარისხი", – განაცხადა ჩოგოვაძემ.

ახლო მომავალში ჩოგოვაძე ჰოლდინგის მოქმედების დეტალური გეგმის წარდგენას აპირებს.

გიორგი ჩოგოვაძეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თანამდებობა, მანამდე კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.

ყველა ახალი ამბავი
0