მუცოს ისტორიულმა ციხემ საქართველოში კიდევ ერთი ჯილდო მიიღო

გამოწერა
შეგახსენებთ, მუცოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის მასშტაბური პროექტი 2014 წელს დაიწყო.

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ხევსურეთში მდებარე შუა საუკუნეების ციხე-სოფელი მუცოს აღდგენის პროექტმა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ჯილდო მიიღო, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ციხე-სოფელი მუცო ხევსურეთის ისტორიულ მხარეში რთული რელიეფის სამ ვერტიკალურ ტერასაზეა განლაგებული. რამდენიმე ათეულ საცხოვრებელ სახლთან და ციხე-კოშკებთან მისასვლელი გზა რთულ, 300-მეტრიან ციცაბო ფერდობზე გადის.

ძველად მუცო საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. ეს იყო ავანპოსტი, რომელიც საქართველოში ჩრდილოეთიდან მომავალ გზებს იცავდა. საქართველოსთვის, რომელსაც მუდმივად უწევდა დაცვა ჩრდილოკავკასიელი, სპარსი, არაბი, თურქი, მონღოლი და სხვა დამპყრობლების შემოსევებისგან, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო თავდაცვის საშუალებები. 

მუცო - Sputnik საქართველო
მუცოს აღდგენის პროექტი Europa Nostra-ს პრიზიორი გახდა

განხორციელებულ პროცესში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისთვის სპეციალური პრიზები გადაეცა სარესტავრაციო კომპანია „არქიტექსს“, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ფონდ „ქართუს“, რომელიც სააგენტოსთან ერთად პროექტის მთავარი დონორი იყო.

შეგახსენებთ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის მასშტაბური პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფომ და საერთაშორისო ფონდებმა 3 მლნ 350 ათასი ლარი გამოყვეს.

სააგენტოს ცნობით, ისტორიული ციხე-სოფლის აღდგენის საქმეში განსაკუთრებული ღვაწლისთვის არქიტექტორთა კავშირის სპეციალური ჯილდო მიენიჭა მუცოს სარესტავრაციო პროექტის ხელმძღვანელს იოსებ ბანძელაძეს, რომლის სახელის უკვდასაყოფად დაწესებული პრიზი მისი ოჯახის წევრებს გადაეცათ.

არქიტექტორთა კავშირისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, მომდევნო წლიდან არქიტექტორთა კავშირის ყოველწლიური კონკურსის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის რჩეული პროექტებისთვის დაწესდება საგანგებო პრიზი, რომელიც იოსებ ბანძელაძის სახელობის იქნება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მაისში მუცოს აღდგენის პროექტმა Europa Nostra-სგან „საზოგადოების რჩეული" და „კონსერვაციის საუკეთესო პროექტის" ჯილდო მიიღო.

მუცოს აღდგენის მასშტაბური პროექტი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა საქველმოქმედო „ფონდი ქართუმ" დააფინანსა.

ყველა ახალი ამბავი
0