მტირალას ეროვნულ პარკში შველი გაუშვეს

გამოწერა
დამფრთხალი შველი გურიაში, სოფელ ბუკისციხეში ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში იპოვა.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა მტირალას ეროვნულ პარკში შველი ველურ ბუნებაში გაუშვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყებაზე დაყრდნობით.

შველი გურიაში, სოფელ ბუკისციხეში ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში იპოვა და დასახმარებლად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართა.

ცხოველი ვეტერინარებმა შეამოწმეს, მას დაზიანებები არ აღმოაჩნდა. ამიტომ იქნა მიღებული მისი მტირალას ეროვნულ პარკში გაშვების გადაწყვეტილება. 

შველი - Sputnik საქართველო
კახეთში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

მტირალას ეროვნული პარკი ქობულეთი–ჩაქვის ქედზე, შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 15,7 ათას ჰექტარს შეადგენს. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული.

მტირალას ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მტირალას მთა ზღვის დონიდან 1761 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მთელი წლის განმავლობაში მთა ნისლშია გახვეული და აქ გამუდმებით წვიმს. მთის მიკროკლიმატი ყველაზე ნესტიანია მთელ საქართველოში და ასევე ევროპაში. წელიწადში აქ 4500 მილიმეტრი ნალექი მოდის.

მტირალას პარკში 284 სახეობის მცენარე ხარობს. აქ თავმოყრილია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი, რელიქტური და ენდემური მცენარეები. ტერიტორიას განსაკუთრებულ ორიგინალურობას უკანასკნელი ორი სახეობა – მარადმწვანე უნგერნის შქერი და ეპიგეა მატებს, რომლებიც მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიებზეა გავრცელებული. პარკის ფაუნა მრავალფეროვანია – აქ 95 სახეობის ცხოველი ბინადრობს. მათგან 23 საქართველოს „წითელ ნუსხაში“, ცხრა კი გლობალური გადაშენების პირასაა და „წითელ წიგნშია“ შეტანილი.

ყველა ახალი ამბავი
0