ექიმთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია განგაშს ტეხს: სამშობიარო სახლები იხურება

გამოწერა
საზოგადოებაში კამათს იწვევს სანქციები საკეისრო კვეთის ლიმიტის გადაჭარბებასთან დაკავშირებით.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. სამშობიარო სახლების ტერორი – ასე აფასებს „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის" თავმჯდომარე სალომე ლოლუა იმ რეგულაციებს, რომელთა შედეგად ქვეყანაში სამშობიარო სახლები იხურება.

საქართველოში სამშობიარო სახლებისთვის 2017 წლის 1 მარტიდან სანქციები ამოქმედდა: სამშობიარო სახლს აქვს უფლება, წლის განმავლობაში საკეისრო კვეთა ჩაუტაროს მშობიარეების მხოლოდ 40%-ს. ვინც ამ მაჩვენებელს ამეტებს, ჯარიმდება.

საქართველოში საკეისრო კვეთის ფაქტები გახშირდა>>

ლოლუას განცხადებით, წლის განმავლობაში მხოლოდ თბილისში სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა 17 სამშობიარო სახლი, აქედან ხუთი დაიხურა. ამასთან, კლინიკების ჯარიმა იმდენად დიდია, რომ საავადმყოფოებს ამის გადახდა არ შეუძლიათ, აღნიშნავს ლოლუა. ჯარიმის მინიმალური თანხა 40 ათასი ლარია, ხოლო მაქსიმალური – დაახლოებით 360 ათასი.

ორსული ქალი - Sputnik საქართველო
საქართველოში ქალებს მოუწოდებენ არ მიმართონ არააუცილებელ საკეისრო კვეთებს

ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაში საკეისრო კვეთის წილი 10-15%-ს არ უნდა აღემატებოდეს, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 44,4%-ს აღწევს.

„ოცწლიანი დაგვიანებით გაახსენდა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ არსებობს ასეთი რეგულაცია და 2017 წლიდან კლინიკებს ჯარიმები დაუწესა, რასაც ისინი ეწირებიან. ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორი სამშობიარო სახლებზე", – განაცხადა ლოლუამ პრესკონფერენციაზე.

საქმე ისაა, რომ საქართველოში თითოეულ კლინიკას საკეისრო კვეთაზე თავის პროცენტულ ლიმიტს უწესებენ. ზოგიერთს 25%-იანი ლიმიტი აქვს, ზოგისთვის კი ეს შეზღუდვა 65%-ია. თუ კლინიკებმა ამ ლიმიტს თუნდაც 1%-ით გადააჭარბეს, ისინი ჯარიმდებიან.

ჩვილი - Sputnik საქართველო
რა უპირატესობა აქვს ბუნებრივ მშობიარობას და არის თუ არა ცოდნის დეფიციტი ორსულებში

ჯარიმის თანხა შემდეგნაირად გამოითვლება: სხვაობა საკეისრო კვეთისა და ფიზიოლოგიური მშობიარობის ლიმიტს შორის (300 ლარი) მრავლდება იმ საკეისრო კვეთების რაოდენობაზე, რომლებიც სამედიცინო ჩვენებების საფუძველზე ჩატარდა.

„ამ რეფორმამ მოგვცა ის, რომ მივიღეთ მორბენალი მშობიარეები. როდესაც კლინიკას საკეისრო კვეთის დაწესებული ლიმიტი შევსებული აქვს, მშობიარეს საკეისრო კვეთაზე უარს ეუბნება და ის იძულებულია, კლინიკიდან კლინიკაში ირბინოს. შესაბამისად, საქართველოში დაინერგა ტერმინი „მორბენალი მშობიარეები", – აღნიშნა ლოლუამ და დასძინა, რომ ეს დედების სიკვდილიანობისა და ჩვილთა ტრავმების რაოდენობის გაზრდის ერთ-ერთი მიზეზია.

საქართველოს კანონმდებლობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფიზიოლოგიურ მშობიარობას 500, ხოლო საკეისრო კვეთას 800 ლარით აფინანსებს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთა არა სამედიცინო მაჩვენებლებით, არამედ მშობიარის პირადი მოთხოვნით კეთდება, სახელმწიფო იხდის არა 800, არამედ 500 ლარს.

ყველა ახალი ამბავი
0