„მღვდელთან ჩხუბი მომივიდა, ანათემაზე ხარ გადასაცემი ხელოვნური განაყოფიერება რომ გაიკეთეო“

© photo: Nino Khajo / FBაკაკი გოგიჩაიშვილი ნინო ხაჟომია
აკაკი გოგიჩაიშვილი ნინო ხაჟომია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტის თქმით, როცა საბა წლინახევრის იყო, ის და მისი ქმარი შვილად აყვანის მსურველ ოჯახთა მოლოდინის რიგში ჩადგნენ და რადგან შვილად აყვანის ლეგალური გზა აირჩიეს, დაახლოებით 10 წელი მოუწიათ ლოდინი.

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინო ხაჟომიას ემოციური ისტორია ქვეყნდება. როგორც ნინო ამბობს, ბიოლოგიური მონაცემებით უშვილო უნდა ყოფილიყო, თუმცა მან და მისმა მეუღლემ, ტელეწამყვანმა აკაკი გოგიჩაიშვილმა გადაწყვიტეს „ინ ვიტრო“ განაყოფიერებისთვის მიემართათ. ახლა უკვე 13 წლისაა მათი შვილი საბა, რომელიც „ინ ვიტრო“ განაყოფიერებით არის გაჩენილი.

„წლების მერე ერთ-ერთ მღვდელთან მომივიდა სერიოზული ჩხუბი, რომელმაც მითხრა, ანათემაზე ხარ გადასაცემი, რადგან გაბედე, ღმერთის ნების წინააღმდეგ წახვედი და ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთეო. ღმერთს უნდოდა შენ უშვილო ყოფილიყავიო. ამაზე ჩემი პასუხი საკმაოდ მკვახე იყო. რამდენიმე ათეული წლის წინ გადაცემაში „60 წუთი“ გავაკეთე გამოძიება კოჯრის ბავშვთა სახლში მცხოვრებ სამი წლის ასაკის ბიჭზე და მის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე. მახსოვს ერთი კადრი: 3 წლის ბავშვმა თავისი ტანსაცმელი დაკეცა და ფეხსაცმელთან ერთად ძილის წინ ბალიშის ქვეშ ამოიდო, რომ სხვებს არ წაერთმიათ და მეორე დღეს შიშველი არ დარჩენილიყო. ეს იყო შოკისმომგვრელი სცენა ჩემთვის და არასდროს დამავიწყდება. მაშინ გავიფიქრე პირველად, რომ რამდენი შვილიც არ უნდა გამჩენოდა, ერთ ბავშვს მაინც ვიშვილებდი და ოჯახურ მზრუნველობას მივცემდი“, – ამბობს ჟურნალისტი.

მისი თქმით, როცა საბა წლინახევრის იყო, ის და მისი ქმარი შვილად აყვანის მსურველ ოჯახთა მოლოდინის რიგში ჩადგნენ და რადგან შვილად აყვანის ლეგალური გზა აირჩიეს, დაახლოებით 10 წელი მოუწიათ ლოდინი, რის შემდეგაც ერთ დღესაც ნიკოლოზი გამოჩნდა, რომელიც იმ დროს 9 თვის იყო. 

„მოგვიანებით შევიტყვე, რომ ნიკოლოზი ე.წ. ყველასგან „დაწუნებული ბავშვი“ იყო… წინა ღამით არ მეძინა. ეს იყო ყველაზე კრიზისული ღამე ჩემს ცხოვრებაში. უეცრად შემეშინდა ყველაფრის. შემეშინდა იმის, რომ რაღაც მომენტში მეტი ყურადღება არ მიმექცია საბასთვის და ნიკოლოზი არ გადასულიყო მეორე ადგილას, რომ არ მეგრძნო უცებ, რომ შეცდომა დავუშვი. ეს იყო ბრძოლების ღამე, რომელიც ნიკოლოზის გამარჯვებით დასრულდა. გადაწყვეტილება მივიღე“, – იხსენებს ჟურნალისტი.

მისი თქმით, დაინახა თუ არა პლედში გახვეული ბავშვი, მიხვდა, რომ ის მისი შვილი იყო, რომელსაც 10 წელი ელოდა. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ბიოლოგიურ შვილს გააჩენ, მუცლად ატარებ, თუ აიყვან. მთავარია ის ამაგი, მზრუნველობა და სიყვარული, რომელიც ბავშვის მიმართ გაქვს.

„ყველაზე მეტად მანგრევს ის სტრეოტიპი, როცა მეუბნებიან, რატომ უნდა იცოდეს ბავშვმა რომ აყვანილია, ეს მისთვის სტრესული იქნებაო. ვფიქრობ, რომ სტრესი მაშინ ექნება, თუ დავუმალავ და მაინც ე.წ. „კეთილისმოსურნეებისგან“ გაიგებს ამ ამბავს“, – ამბობს ნინო ხაჟომია.

მისი აზრით, ბავშვმა აუცილებლად უნდა გაიგოს იმის შესახებ, თუ ვინ არიან მისი ბიოლოგიური მშობლები.

„მუდმივად ვფიქრობ, ვიეჭვიანებ თუ არა, როცა გაიზრდება, ნიკას დედამისის ნახვა და მასთან ცხოვრება რომ მოუნდეს. ამ დროს საკითხს ასე ვსვამ: თუ ჩვენ, მშობლებს, შვილი იმისთვის არ გვინდა, რომ სიბერეში მოგვიარონ და „ამაგი“ დაგვიბრუნონ, არამედ იმისთვის, რომ ინდივიდებად და მოსიყვარულე ადამიანებად გავზარდოთ, არანაირი ეჭვიანობის საფუძველი არ არსებობს“, – ამბობს ჟურნალისტი.

ყველა ახალი ამბავი
0