გინესის რეკორდები, გამოფენა-გაყიდვა - თიანეთში სახალხო დღესასწაული გაიმართა

გამოწერა
თიანეთის მერის გადაწყვეტილებით, რეკორდსმენი ფულადი პრიზით - 300 ლარით დასაჩუქრდა

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. თიანეთში ტრადიციული-სახალხო დღესასწაული „თიანეთობა“ გაიმართა, ნათქვამია თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

31 აგვისტოს ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში დღის განმავლობაში გაიმართა სპორტული და კულტურული სანახაობები, წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები და თიანეთის ნატურალური პროდუქტები. მოეწყო ფშავ-ხევსურული საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა, წიგნების გამოფენა-გაყიდვა და მთის სამკურნალო მცენარეებისგან მომზადებული ჩაის დეგუსტაცია. დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე დაეგემოვნებინათ ფშაური სამზარეულო, დამბალხაჭო და ხინკალი.

ღონისძიების დასაწყისში სიმბოლურად გაიხსნა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.  მათმა ღირებულებამ საერთო ჯამში 3 მლნ 600 ათას ლარზე მეტი შეადგინა, აღნიშნავენ მუნიციპალიტეტში.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა დამსწრე საზოგადოებას „თიანეთობის“ დღესასწაული მიულოცა და ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და ექიმებს „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიანიჭა. „საპატიო მოქალაქეებს“ შესაბამისი სიგელები და მედლები თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ლიეტუვის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასიმ და პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადასცეს.

„აღსანიშნავია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, წლევანდელ დღესასწაულზე მოსული ყველა ბავშვი თიანეთის მერიისგან ნაყინით, წვენით და კამფეტებით დასაჩუქრდა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

წიწილები ფერმაზე - Sputnik საქართველო
გარდაბანში თანამედროვე სტანდარტების მეფრინველეობის ფერმა გაიხსნა

დღის განმავლობაში ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. გაიმართა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

დაბა თიანეთში მცხოვრებმა გიორგი მათურელმა ტვირთით აზიდვაში გინესის რეკორდი დაამყარა. თიანეთის მერის გადაწყვეტილებით, რეკორდსმენი ფულადი პრიზით - 300 ლარით დასაჩუქრდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამეტის, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, კულტურისა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები, თიანეთის საპატიო მოქალაქეები, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და თანამშრომლები, თიანეთის დამსვენებლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

საღამოს გაიმართა კონცერტი ქართული ესტრადის ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავების მონაწილეობით. „თიანეთობის“ დღესასწაული ლამაზი ფოიერვერკით დასრულდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0