ელენე სამჯერ მომიკვდა: რას იხსენებს დედა, რომლის შვილიც „ლურჯ ვეშაპს“ ემსხვერპლა

© photo: Nana Berdzenishvili / FBნანა ბერძენიშვილი
ნანა ბერძენიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი წლის წინ მთელი თბილისი შეძრა 13 წლის ელენეს დაღუპვის ამბავმა. ის თბილისში საკუთარი საცხოვრებელი სახლის მე-13 სართულიდან გადმოხტა და დაიღუპა.

ნანა ბერძენიშვილი, რომლის ერთადერთი ქალიშვილი ინტერნეტ-თამაშ „ლურჯ ვეშაპს“ ემსხვერპლა, დღემდე აქტიურად იბრძვის, რომ ყველა მშობელი გააფრთხილოს ონლაინ-თამაშის საფრთხეებზე და იხსნას სხვა მოზარდები მსგავსი საბედისწერო შემთხვევებისგან.

დღეს ელენეს დაღუპვიდან ორი წელი გავიდა. ქალბატონი ნანა ემოციურ პოსტს აქვეყნებს და იმ რთულ დღეებს იხსენებს, რომელიც დღემდე გაიარა.

„პოსტი იქნება მძიმე, მაგრამ ყველა მშობლისთვის აუცილებლად წასაკითხი. ელენე სამჯერ მომიკვდა, პირველად როცა 29 აგვისტოს დამირეკეს და მთხოვეს სახლში მივსულიყავი, რადგან რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, პოლიციაა მოსული და ფანჯარა არის ღიადო, მეცამეტე სართულის ფანჯარა, ელენეს ოთახის ფანჯარა... დალეწილი ბავშვის სხეული შუაღამისას მოასვენეს სახლში... ვერ ვიჯერებდი როცა სკამებს აწყობდნენ, აი ისე პანაშვიდზე რომ იციან... შუაში ცარიელი ადგილი დატოვეს, ყველაზე ცენტრალური, ადგილი ელენესთვის“, – წერს ელენეს დედა.

„ლურჯი ვეშაპი“: შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება >>>

ქალბატონი ნანას თქმით, ამ ორი წლის განმავლობაში იყო ბევრი ცრემლი, დიდი ტკივილი, თეთრად გათენებული ღამეები. ამ ორი წლის განმავლობაში ყოველდღე ელოდა შვილს, მაგრამ უშედეგოდ.

ახალგაზრდა კომპიუტერით - Sputnik საქართველო
SOS! დაიცავით მოზარდები – ინტერნეტ–სივრცეში „ლურჯი ვეშაპის“ ანალოგი გამოჩნდა

„კიდევ ბევრი რამ იყოს ამ ორი წლის განმავლობაში, პირველი წელი ყველგან აღაჟღაჟებული შუქი მქონდა ჩართული, იმიტომ რომ ველოდი რომ მოვიდოდა, და არ მინდოდა გამომპარვოდა მისი ლანდის დანახვა... მაგრამ არ მოვიდა, უფრო სწორედ კი, ისე არ მოვიდა როგორც მე ველოდი, მერე შუქიც ჩავაქრე“.

სასოწარკვეთილი დედა დღეს მშობლებს მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„რატომ გიზიარებთ ამას - ლურჯი ვეშაპი მკვლელია, და მათ ვისაც გყავს თინეიჯერები გმართებს დიდი ყურადღება, ეს არ არის გამოგონილი მითი, ეს სასტიკი მკვლელი თამაში მართლა არსებობს. თუკი თქვენი შვილი უცაბედად ხდება ინტროვერტი, უცებ გადადის დახურული ტანსაცმლის ტარებაზე, ხელიდან არ უშვებს ტელეფონს, გაუქრა ინტერესი ყველაფრის მიმართ ნუ მიაწერთ ამას მხოლოდ გარდატეხის ასაკს, შეამოწმეთ მისი ტელეფონი, მისი მიმოწერა და უთხარით, რომ არაფრის არ უნდა ეშინოდეს... აუხსენით, რომ თამაშის დასრულება ნებისმიერ წუთს შეიძლება, ისე რომ არც მას და არც მის საყვარელ ადამიანებს არაფერი არ დაემუქრებათ. ყველას დიდი მადლობა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის. ელენეს სახელით - ნანა“, – წერს ნანა ბერძენიშვილი.

გეიმერები - Sputnik საქართველო
„ლურჯი ვეშაპის“ კიდევ ერთი მსხვერპლი საქართველოში: გურიაში 17 წლის ბიჭმა ვენები გადაიჭრა

ერთ-ერთ ინტერვიუში ქალბატონი ნანა თინეიჯერების მშობლებს შემდეგ რეკომენდაციებს უზიარებს:

„ჩემი თხოვნა იქნება, რომ მშობლები ყურადღებით იყვნენ, თუ შეამჩნევენ ბავშვს თვითდაზიანებას... მეორე მომენტია, რომ ტელეფონი უნდა ჩამოართვან ბავშვს ღამე - ყველაზე მეტად ბავშვებს ურეკავენ შუა ღამისას. უნდა გავითვალისწინოთ ყველაზე მთავარი - ზაფხული მოდის და ბავშვს გაუჩნდება ძალიან ბევრი თავისუფალი დრო და სივრცე, სწორედ ზაფხულში ფიქსირდება ბევრი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა გავაკონტროლოთ ბავშვების ინტერნეტთან წვდომა. ყურადღებით იყავით, თუ ბავშვმა ქცევა შეიცვალა, შეიძლება ეს იყოს გარდატეხის ასაკით გამოწვეული, თუმცა მაინც დაიზღვიეთ თავი და ესაუბრეთ თქვენს შვილს“.

ყველა ახალი ამბავი
0