გაფიცვა გრძელდება: ქვიშხეთში ჩინური კომპანიის ათამდე თანამშრომელი გვირაბში ჩაკეტეს

© SPUTNIK / DENIS ASLANOVქვიშხეთში გვირაბის შენებლობა
ქვიშხეთში გვირაბის შენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს რკინიგზის" განმარტებით, ქვიშხეთში გაფიცულებს "საქართველოს რკინიგზასთან" არავითარი შრომით-სამართლებრივი კავშირი არ აქვთ

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ქვიშხეთში აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა 70-მდე პირმა გვირაბი, სადაც ჩინური კომპანიის ათამდე თანამშრომელი იმყოფება,  ჩაკეტა და სამუშაო პროცესი სრულად გააჩერა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მშენებლები მესამე დღეა შიმშილობენ. მათი ძირითადი მოთხოვნა - ხელფასების 10 ლარით გაზრდა, კონტრაქტების მოწესრიგება,  შვებულებებით დროულად უზრუნველყოფა და კომპანიის მხრიდან შრომის კოდექსის პრინციპების დაცვაა. დღეისთვის მუშის ერთი სამუშაო დღის ანაზღაურება 20 ლარია.

მატარებელი - Sputnik საქართველო
გაიფიცებიან თუ არა რკინიგზელები - შრომის სამინისტრო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს

 „გვირაბი ჩავკეტეთ, ყველა სამუშაო შეწყვეტილია. არავის ვუშვებთ ობიექტზე. 26 სამუშაო დღეში ვითხოვთ ანაზღაურებას 780 ლარს, მიუხედავად იმისა, ამ 26 დღეში ვიქნებით თუ არა დაკავებული. დღეში 20 ლარი გვქონდა, ვითხოვთ 10 ლარით გაზრდას“, - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა გია მჭედლიშვილმა.

ხაშური-ზესტაფონის  სარკინიგზო მონაკვეთის  მშენებლობას, რომლის საერთო სიგრძე  40 კილომეტრია,  აწარმოებს კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო". გზის მშენებლობა 2010 წლიდან მიმდინარეობს.  „საქართველოს რკინიგზასთან“ დადებული ხელშეკრულების თანახმად,  ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთი კომპანიამ 2019 წელში უნდა ჩააბაროს - უნდა აშენდეს ექვსი გვირაბი, რომელთა ნაწილიც უკვე დასრულებულია.

მშენებლობაზე დასაქმებულებმა, პროფკავშირების წარმომადგენელთან ერთად,  „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" წარმომადგენლებთან შეხვედრა გუშინ გამართეს. თუმცა, მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულების ინფორმაციით, ხელფასების დღიურად 20 ლარიდან 30 ლარამდე გაზრდაზე ჩინურმა კომპანიამ უარი განაცხადა.

მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევანი - Sputnik საქართველო
ქართველი რკინიგზელების გაფიცვით სომხეთი დაზარალდება?!

გაფიცვასთან დაკავშირებით  დამსაქმებელმა კომპანიამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია მზადაა დააკმაყოფილოს ყველა კანონიერი მოთხოვნა, რაც გამომდინარეობს საქართველოს შრომის კანონმდებლობიდან, მათ შორის, შვებულებასთან და განაცდური დღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ხოლო ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით, ისინი დასაქმებულებს სახელფასო სისტემის დაანგარიშებისთვის რამდენიმე ვერსიას სთავაზობენ.

ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტს  „საქართველოს რკინიგზაც" გამოეხმაურა და განმარტა, რომ მას აღნიშნულ პროცესთან არავითარი შრომით-სამართლებრივი კავშირი არ აქვს.

"ნებისმიერი მცდელობა, მიმდინარე პროტესტი დაუკავშირდეს სს  „საქართველოს რკინიგზას", ემსახურება დესტაბილიზაციის განცდის დანერგვას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ  „საქართველოს რკინიგზა" მუშაობს შეუფერხებლად და ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება როგორც სამგზავრო გადაყვანები, ასევე სატვირთო გადაზიდვები. მედიასაშუალებებს ვთხოვთ, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი და ცალმხრივი ინფორმაცია, რათა არასწორი განმარტებებით არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა", – აღნიშნულია  „საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0