„ამომრჩეველმა დარჩენა მაიძულა": ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა

© courtesy of Miho Neimanქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი მისთვის თანამდებობის დატოვების მიზეზი გახდა.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა დეპუტატის მანდატის დატოვებას აღარ აპირებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ნანა კოსტავამ 28 მაისს Facebook-ის საკუთარ გვერდზე სოციალური მედიის მენეჯერის სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო გაიზიარა წარწერით – „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". სალომე ბარკერს რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. მოგვიანებით კოსტავამ ეს პოსტი წაშალა და მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.

სიძულვილის ენა: „ქართულმა ოცნებამ“ ნანა კოსტავას თანამდებობა დაატოვებინა>>>

დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადების დაწერას კოსტავა დღეს, 3 ივნისს აპირებდა, თუმცა, როგორც ის აცხადებს, ამომრჩეველთა თხოვნის საფუძველზე გადაიფიქრა.

„არავითარი ხელფასი, არავითარი სკამი არ მიღირს იმად, რაც საზოგადოება ეს ორი დღე ვანერვიულე. იმდენი პრობლემა აქვს საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომ ვიღაცა ნანა კოსტავასთვის რატომ გავანერვიულე… ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა, მე მგონი, დავრჩები საკრებულოში და არ დავტოვებ", – განაცხადა ნანა კოსტავამ.

Facebook-ის გვერდზე სიძულვილის ენის შემცველი პოსტის გამოქვეყნების გამო ნანა კოსტავა, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, 31 მაისს პოსტიდან გადააყენეს. გარდა ამისა, ის გენდერული საბჭოდანაც გარიცხეს.

მაშველები - Sputnik საქართველო
ტრაგედია ლაგოდეხში: მაშველებმა დაკარგული 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ამ ფაქტის გამო ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს, სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულ ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში იმუშაოს.

მანამდე მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეპუტატის მიერ სიძულვილის ენით დაწერილი განცხადება გააპროტესტეს და მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. მომხდარის გამო ნანა კოსტავას ქუთაისში მედიასაშუალებებმა ასევე ბოიკოტი გამოუცხადეს.

2017 წელს ანალოგიური სიძულვილის შემცველი პოსტი დეპუტატმა ნანა კოსტავამ მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა. „ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად", – წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში.

ყველა ახალი ამბავი
0