ვისი ნეშტები აღმოაჩინეს ბათუმში? მუსლიმები დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვენ

გამოწერა
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მოითხოვს, რომ 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილთა ნეშტები ნეიტრალურ სასაფლაოზე გადაასვენონ.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. 1937-1938 წლებში დახვრეტილთა უმეტესობა, რომელთა ნეშტებიც ბათუმში დღემდე უცნობ სამარხებში აღმოაჩინეს, მუსლიმი იყო, ამტკიცებს სრულიად საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე.

ბათუმში 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინეს>>>

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ხელთ არსებული მონაცემების თანახმად, ოთხი სამარხი აღმოჩენილია ტერიტორიაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს საპატრიარქოს დროებით სარგებლობაში გადასცა. სამარხებში დაახლოებით 150 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი. ყველა თავის ქალაზე არის ნატყვიარი. იქვე ნაპოვნია ჯვარი.

სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ნეშტები „ყველა წესის დაცვით" 21 აპრილს უნდა გადაასვენონ ბათუმის №3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, აღნიშნეს ეპარქიაში.

იმის გათვალისწინებით, რომ რეპრესირებულთა დიდი ნაწილი მუსლიმი იყო, მუფთი ბეგლარ ქამაშიძისთვის კატეგორიულად მიუღებელია მუსლიმების დაკრძალვა სხვა აღმსარებლობის წესისამებრ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის.

სტალინის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გორში - Sputnik საქართველო
იოსებ სტალინის ხსოვნას გორში აქცია მიუძღვნეს

ქართველი მუსლიმები სამ ძირითად მოთხოვნას აყენებენ.

„ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას თხოვნით, გააკეთონ ეს ანალიზი (დნმ - რედ.), თუ შესაძლებელი იქნება, რადგან ბევრი ფიქრობს, რომ ნეშტები შეიძლება მათ წინაპრებს ეკუთვნოდეთ. თუ ცხედრების დნმ-ის ანალიზის ჩატარება ვერ მოხერხდება, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ხელისუფლებას მიმართავს, დაკრძალვა სამოქალაქო წესით, ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდეს, რომელიც არც ერთი რელიგიური ორგანიზაციის კუთვნილება არ იქნება. დაკრძალვის დღე არ უნდა დაემთხვეს რომელიმე რელიგიურ დღესასწაულს", – განაცხადა ქამაშიძემ პრესკონფერენციაზე.

მისი სიტყვებით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მზადაა, ნაწილობრივ დააფინანსოს დნმ-ის ანალიზი.

როგორც მანამდე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ განაცხადა, გადასვენებამდე აიღებენ სინჯებს, რათა შემდგომში შესაძლო ნათესავების გამოჩენის შემთხვევაში დნმ-ის ანალიზი ჩაატარონ. აღსანიშნავია, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული გამოკვლევაა.

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება გეგმავს მუზეუმის გახსნას, რომელშიც რეპრესიების მსხვერპლთა ფოტოსურათები და სხვა მასალები გამოიფინება. იქვე აღმართავენ მემორიალს, რომელზეც ამოიკვეთება 1937-1938 წლებში დახვრეტილი ბათუმელების სახელები.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ რეპრესირებულთა ნათესავებს მოუწოდა, მომავალი მუზეუმის კოლექციის შესავსებად გადასცენ მას დაღუპული ნათესავების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0