მძიმე შრომა გროშების სანაცვლოდ – როგორია საქართველოში იყო ექთანი

© photo: Sputnik / Alexander Galperin / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფკავშირის განცხადებით, ვიდრე პერსონალი მძიმე პირობებში მუშაობს, საავადმყოფოებში ხარისხიანი მომსახურების მიღება შეუძლებელია.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოში ექთნები, მიუხედავად იმისა, რომ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, ქვეყანაში არსებულ საშუალოთვიურ ანაზღაურებაზე ორჯერ ნაკლებს იღებენ, ნათქვამია დამოუკიდებელი პროფკავშირის „სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრის" კვლევაში.

რაზე დაიხარჯება მილიონობით ლარი 2019 წლის ბიუჯეტიდან>>>

ორგანიზაციამ საქართველოში პირველად ჩაატარა ექთნებისა და სანიტრების შრომითი პირობების დეტალური კვლევა. როგორც აღმოჩნდა, ისინი დღეში საშუალოდ 16 საათს მუშაობენ. ერთ მედდაზე 11 პაციენტი მოდის, ზოგჯერ კი ეს რიცხვი 30-საც აღწევს, რაც მედპერსონალის ფიზიკურ გადაღლილობას იწვევს.

ექსპერტებმა თბილისისა და ბათუმის ათ სამედიცინო დაწესებულებაში სულ 200 მედდა და სანიტარი გამოკითხეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბათუმში ტურისტულ სეზონზე მედპერსონალს განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში უწევს მუშაობა.

„ხარისხიანი ჯანდაცვა სწორედ ექიმებისგან და მედდებისგან იწყება. აღნიშნული კვლევა უნიკალური და, ფაქტობრივად, პირველია... იმ დროს, როცა სამედიცინო დაწესებულების პერსონალის შრომის პირობები შემაშფოთებლად მძიმეა, შეუძლებელია რომელიმე კლინიკის ხარისხიან ჯანდაცვაზე საუბარი", – აღნიშნულია კვლევაში.

გამოკითხულთა დიდი ნაწილის (95%) განცხადებით, ისინი კვირაში შეუსვენებლად 40 საათზე მეტს მუშაობენ. მედდებისა და სანიტრების 87%-ს არ აქვს მოსასვენებელი ოთახი, ხოლო 80%-ს სასადილოში გასვლის საშუალება არ ეძლევა.

სტეტოსკოპი - Sputnik საქართველო
სერგეენკომ ჯანდაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები დაასახელა

ექთანი საათში საშუალოდ 2,56 ლარს იღებს. როგორც გამოკითხულთა 84,6% აცხადებს, მათი თვიური ანაზღაურება 500 ლარზე დაბალია. გამომდინარე იქიდან, რომ ხელფასი არასაკმარისია, მედდების 20% რამდენიმე ადგილზე მუშაობს.

საქართველოში საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი 991 ლარს შეადგენს, საარსებო მინიმუმი კი 173,8 ლარია.

ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ საავადმყოფოებში ექთნებისა და სანიტრების სიმცირეა, ექიმების რაოდენობა კი საკმარისზე მეტია. მიზეზი მედდისა და სანიტრის პროფესიებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაა, მაგრამ ზოგჯერ პაციენტების სიცოცხლე სწორედ მათ პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

საქართველოში სოცმუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს>>>

საავადმყოფოებში სანიტრებისა და მედდების 65,7%-ს პროფესიული განათლება აქვს მიღებული, 25,3%-ს – უმაღლესი, 8,5%-ს – არასრული უმაღლესი, ხოლო 0,5%-ს – საშუალო.

„სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრის" მტკიცებით, ექსპერტები კვლევის ჩატარებისას გარკვეულ წინააღმდეგობებს წააწყდნენ. ზოგმა ექთანმა სამსახურის დაკარგვის შიშით გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

გამოკითხვა 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა.

მშრომელთა პროფესიული გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი" 2017 წლის 1 აპრილს დაარსდა. იგი მზადაა აუცილებელი ინფორმაცია მიაწოდოს და უფასო იურიდიული დახმარება გაუწიოს დასაქმებულებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0