გურიელიძის განმარტება: რატომ არ იღებს სტუმრებს თბილისის ახალი ზოოპარკი

© photo: Tbilisi Zoo / FBთბილისის ზოოპარკში
თბილისის ზოოპარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ზოოპარკისთვის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 48 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა გამოყოფილი

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე ცხოველებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ვოლიერები აშენდა, თუმცა სტუმრებისთვის მისაღები გარემო ჯერ არ შექმნილა, იუწყება ტელეკომპანია Imedi თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებაზე დაყრდნობით.

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის გახსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ზურაბ გურიელიძის განცხადებით, სტუმრების მისაღებად ჯერ საჭიროა, ტერიტორიაზე ბილიკები და სველი წერტილები მოეწყოს. მისი თქმით, იმისთვის, რომ ახალ ზოოპარკში დამთვალიერებლებისთვის საჭირო პირობები მოეწყოს და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდეს, დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარია საჭირო.

„ოფიციალურად როდის მივიღებთ პირველ სტუმრებს, ცოტა რთული სათქმელია, რადგან საკმაოდ ბევრია გასაკეთებელი ახალ ზოოპარკში. თუმცა გაკეთებულიც საკმაოდ ბევრია - აშენებულია ვოლიერები, რომლებიც გერმანიის მთავრობის მიერ იყო დაფინასებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ოთხი სახეობისათვის - დათვი, მგელი, ნიამორი და ირემი ვოლიერების აშენებას. გარდა ამისა, დაემატა ვოლიერები ფოცხვერისთვის, დათვის ბელებისთვის, ჯიხვებისათვის", - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა.

გურიელიძის განცხადებით, ზოოპარკის ცხოველთა ოჯახში მატება წელსაც იქნება. დეკემბერში თბილისის ზოოპარკმა ცხრა აფრიკული ძაღლი, იანვარში კი მამრი და მდედრი ჯიხვები ჩამოიყვანა. მალე ჩამოიყვანენ დომბებს და აღმოსავლეთ კავკასიურ ჯიხვებს. ახალი ცხოველების ჩამოსაყვანად სხვადასხვა ზოოპარკთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ზოოპარკი - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკი საფრთხეში მყოფი ცხოველების გადასარჩენად კამპანიას იწყებს

ახალი ზოოპარკი, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარეობს, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზოოპარკი იქნება.

2015 წლის წყალდიდობის შედეგად ზოოპარკის ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა. 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა. წყალდიდობის შემდეგ თბილისის ხელისუფლებამ ზოოპარკის სხვა ტერიტორიაზე გადატანა გადაწყვიტა. ახალი ზოოპარკისთვის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 48 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გამოიყო.

ახალ ზოოპარკში ცხოველებისთვის საცხოვრებელი პირობები ძალიან კომფორტული იქნება — დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება, არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალთან მიმსგავსებულ გარემოს შექმნის, დამთვალიერებლისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო–დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკისთვის დახმარების სურვილი მსოფლიოს მრავალმა ზოოპარკმა გამოთქვა. თბილისი ზოოპარკისთვის საჩუქრად გადაცემულ ცხოველებს შორისაა ჯუჯა კენგურუ, ფაფრიანი ცხვრები, აფრიკული პინგვინები, უსურიის ვეფხვი.

თბილისის ახალ ზოოპარკში ოთხი ჯიხვი ჩამოიყვანეს>>

თბილისის ზოოპარკი 1927 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დადგენილების საფუძველზე დაარსდა. მისი მშენებლობისთვის მდინარე ვერეს ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტარი ტერიტორია გამოიყო. ცხოველთა არსებობის ბუნებრივი გარემოს გათვალისწინებით ზოოპარკში ხელოვნურად იქმნებოდა ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები (კლდეები, ჩანჩქერები, აუზები). ზოოპარკში იყო ტერარიუმი და აკვარიუმი.

თუმცა ბოლო დროს ვერეს ხეობაში ზოოპარკს მხოლოდ 9 ჰექტარი ტერიტორია ეკავა, რომელიც 2015 წლის წყალდიდობის შემდეგ კიდევ შემცირდა და 6 ჰექტარი დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0