01:43 20 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2434
  • 100 RUB4.3709
  • USD2.9225
დადიანების სასახლე

დადიანების სასახლეში XIX საუკუნის ექსპონატები დაზიანდა

© FB / Dadiani Palaces
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)
12820

სასახლის რესტავრაციის დაწყება აპრილში იგეგმება.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის – დადიანების სასახლის ერთ ოთახში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა და XIX საუკუნის ექსპონატები დააზიანა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კერძოდ, სასადილო ოთახში ჭერის ნაწილობრივი დაზიანების გამო შვიდი სხვადასხვა ჭიქა გატყდა.

როგორც ტელეკომპანიასთან მუზეუმის დირექტორმა განაცხადა, ექსპონატების აღდგენა შესაძლებელია. ამ დროისთვის ადგილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ექსპერტებს ელოდებიან. დადიანების სასახლე დიდი ხანია საჭიროებს გამაგრებით და სარესტავრაციო სამუშაოებს. ამ პროცესის დაწყება აპრილში იგეგმება.

ინციდენტის დროს მუზეუმში დამთვალიერებელი არ იმყოფებოდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა. ამასთან, მიუხედავად ჩამონგრევისა, მუზეუმი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და დამთვალიერებლის მისაღებად მზადაა.

დადიანების სასახლე ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს და ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ადრე ისტორიული სასახლე სამეგრელოს მთავრების დადიანების რეზიდენცია იყო.

დადიანების რეზიდენცია სალხინოში, მდინარე ტეხურას პირას სამეგრელოს მთავარმა ლევან V დადიანმა (1793—1846) XIX საუკუნის პირველ ნახევარში ააგო.

ამ დროისთვის სასახლეში 40 ათასზე მეტი ექსპონატი ინახება. მუზეუმის ოქროს ფონდში დაცულია ანტიკური და შუა საუკუნეების ოქროს ნაკეთობები. უნიკალურ ექსპონატებს შორისაა ღვთისმშობლის კვართი, ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი, XVIII-XX საუკუნეების ევროპელი და ქართველი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები.

დადიანების კარმიდამო ასევე განთქმულია თავისი ბაღით, რომელიც ახლა ცნობილია როგორც ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი. ბაღის გასაშენებლად სპეციალურად XIX საუკუნეში ევროპელი მებაღეები მოიწვიეს და ევროპიდან იშვიათი ჯიშის მცენარეები ჩამოიტანეს. 26,4 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში ხარობს ხეები, რომლებიც თითქმის 200 წლისაა — ევრაზიული კონტინენტის ერთეული ეგზემპლარები.

ისტორიული მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე 1840 წელს მიიღო, როდესაც მასზე ზრუნვა სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ დაიწყეს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)

მთავარი თემები